მუქარა ციხით - კანონი ორი მოსმენით მიღებულია

18.02.26 21:29
მუქარა ციხით - კანონი ორი მოსმენით მიღებულია

 83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი - „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილებებს.

"ქართული ოცნების" კანონპროექტით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და ბიზნესსუბიექტების პოლიტიკური აქტივობა რეგულირდება.  ფართოვდება გრანტის განმარტება და გრანტების შესახებ კანონის დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მეორე მოსმენითვის კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.

"ოცნების" მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი.

ცნობილია, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება - [კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტიცური წყობილების წინააღმდეგ].

ამ მუხლის მიხედვით, 3 წლამდე ციხით, ჯარიმით ან გამასწორებელ სამუშაოებით დაისჯება:
• საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
• საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
• საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;
• საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა;
ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია: საქართველოს კონსტიტუციის; კონსტიტუციური წყობილების; კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.