ელისო კილაძე განცხადების გაკეთებას აპირებს

19.02.26 11:44
ელისო კილაძე განცხადების გაკეთებას აპირებს

 

 

„ხელოვნურად შექმნილი“ - ასე აფასებს ელისო კილაძის ადვოკატი ჟურნალისტის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. 

ვალერი გელბახიანის თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნის რეალური მიზანი ბრალდებულის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორებაა. 

ელისო კილაძე ფიქრობს, რომ მისი დაკავება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში შედიოდა. ჟურნალისტის ადვოკატი აანონსებს, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე ვრცელი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რათა საზოგადოება სიმართლეში დაარწმუნოს.

რა თქმა უნდა, ის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება ამ ბრალდებაში. მიაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო. ჩამოიშორეს, რაღაც ჯგუფებმა, იმის გამო რომ ხელს უშლიდა.

[რას უკავშირებს, ამაზე] გააკეთებს ალბათ განცხადებას, როცა მოვა სასამართლოში...

პროკურატურა რასაც ამბობს, ამბობს მოსახლეობის დასარწმუნებლად. სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება“,- განაცხადა გელბახიანმა.

გელბახიანი საქმეში არსებული მტკიცებულებების გადამოწმებას დამოუკიდებელი და კომპლექსური ექსპერტიზის გზით ითხოვს. ადვოკატი ხელისუფლებისადმი უნდობლობასა და მართლმსაჯულების დაბალ სანდოობაზე მიუთითებს.

უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ან თუნდაც კომპლექსური ექსპერტიზა, სხვადასხვა ექსპერტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რომ გითხრათ, რომ ხელისუფლების წყაროებს სანდოობა გააჩნიათ, არ გააჩნიათ. მართლმსაჯულება არ ხორციელდება დიდი ნდობის გარემოში და პირობებში“,- დასძინა ადვოკატმა.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ელისო კილაძე გუშინ დააკავეს. ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის- ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელის მიმართაც. 

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას. 

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. 

"პირველები" ახალ ბრალთან დაკავშირებით ძმები მიქაძეების ადვოკატს ესაუბრა. გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ "არანაირი შეხება ქოლ-ცენტრებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არ ჰქონიათ". 

"[მიქაძე] საერთოდ არ იცნობს იმ გარემოებას, რაც ბრალშია მითითებული. ელისო კილაძესთან [კავშირს] აბსოლუტურად უარყოფს. ჩემი დაცვის ქვშ მყოფებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან შემხებლობა არ აქვთ"- აცხადებს იურისტი. 

 

 

 

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს - როგორც "პირველებს" სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განაცხადა, ჯერ-ჯერობით ექს მაღალჩინოსნის მიმართ არავითარი ახალი ბრალდება არ წარუდგენიათ.