პარლამენტში, დღეს, ფასების კომისიის სხდომა გაიმართება - სად არის დაპირებული საერთაშორისო კომპანია?

19.02.26 12:11
პარლამენტში, დღეს, ფასების კომისიის სხდომა გაიმართება - სად არის დაპირებული საერთაშორისო კომპანია?

პარლამენტში, დღეს, 14:00 საათზე ფასების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე კვლავ ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმენენ. 

საინტერესოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე პარლამენტის სახელით ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო მაღალ ფასებთან დაკავშირებით და საქმეში საერთაშორისო კომპანია ჩართულიყო, თუმცა აღნიშნულზე ინფორმაცია არ იძებნება. 

  • პარლამენტში შექმნილი ფასების კომისიის ხელმძღვანელმა, შოტა ბერეკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის უნდა მიემართათ და საერთაშორისო კომისიაზე ტენდერი გამოეცხადებინათ, რომელიც მაღალი ფასების წარმოქმნის მიზეზებს შეისწავლის. 

ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიის დასკვნის საფუძველზე, ის "აბსურდული პოპულიზმი, რაც ბოლო თვეებია დაიწყო "ოცნებამ" გაქარწყლდება".

შემდეგი ნაბიჯი არის, როგორც ჩანს, უკვე დამატებით ბიუჯეტის თანხების დახარჯვა საერთაშორისო კომპანიის საკონსულტაციო სერვისის შეძენაში, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე. აქ საუბარი არის მთლიანი, უდიდესი, უმნიშვნელოვანესი სექტორის გადაწყობაზე. ანუ, "ქართული ოცნება" ახლა შეეჭიდა დავალებას, რომ საცალო და საბითუმო ვაჭრობის და წარმოების სექტორის მთლიანად გადაწყობას. მნიშვნელოვანი იქნება, რომ საჯარო იყოს შემდეგ ამ დაქირავებული კომპანიის დასკვნები. ეს აბსურდული პოპულიზმი, რაც ბოლო თვეებია დაიწყო "ოცნებამ", ამ კომპანიის დასკვნის საფუძველზე გაქარწყლდება და აღარ ექნება არგუმენტი "ქართულ ოცნებას", რომ გააგრძელოს ამ მიმართულებით პოპულიზმი," - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, დავით მჟავანაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდი ვერ გაექცევა იმ რეალობას, თუ რატომ არის ამ ქვეყანაში პროდუქტებზე მაღალი ფასები და ეს რეალობა "ქართული ოცნების" შექმნილია. 

კორუფციის მკვლევარი ინტერესდება, თუ საერთაშორისო კომპანიის დასკვნა საპარლამენტო კომისიისგან განსხვავებული იქნება, "რომელი დასკვნით იხელმძღვანელებს კობახიძის მთავრობა".

საინტერესოა, თუ მაგალითად აღმოჩნდება, რომ ამ საერთაშორისო კომპანიის დასკვნა განსხვავდება საპარლამენტო კომისიის, ან სამთავრობო კომისიის დასკვნიდან და დაადგენენ ისინი განსხვავებულ მიზეზებს, თუ რატომ არის ამ ქვეყანაში მაღალი ფასები პროდუქტებზე, მაშინ რომელი დასკვნით იხელმძღვანელებს კობახიძის მთავრობა. ვის დაუჯერებს ის - საერთაშორისო კომპანიის დასკვნას, თუ ბერეკაშვილის დასკვნას პარლამენტში, თუ კიდევ ახალი დასკვნა იარსებებს. სრულ გაუგებრობაში არიან გადაშვებული და რაცარუნდა ახალი კომისიები, თუ ახალი კომპანიები ჩართონ ამ პროცესში, ისინი ვერ გაექცევიან რეალობას, თუ რატომ არის ამ ქვეყანაში მაღალი ფასები პროდუქტებზე და ეს რეალობა არის "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი," - განაცხადა დავით მჟავანაძემ.