პროკურატურამ გახარიას წინააღმდეგ "ჩორჩანას საქმეში" ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდისტული მედიის სტატია ჩადო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისგიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაიხედება, ასევე მხარეები აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რის შემდეგაც საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.
ბრალდების მხარე ითხოვს, საქმეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაერთოს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდისტული მედიის სტატია.
როგორც ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებტან განაცხადა, საქმე ეხება მარიონეტული რეჟიმის მიერ, სააგენტო "რესაზე" გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები რუსული მხრიდან არის დანახული და შეფასებული. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს სტატია ჩადო ბრალდებსი მხარემ ახალ მტკიცებულებად საქმეში.
ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი, რაც ხელშესახები თითქოს წარმოადგინეს საქმეში და მტკიცებულებად დაამაგრეს, არის ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ცალსახად არის დევნის ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ და მეორე - წარმოიდგინეთ, საქმეში წარმოდგენილია რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სტატია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ საქმეში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად, რაც არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი სტატია დღეს ოფიციალურად გამოიყენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად.
სიჭინავას თქმით, დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად ბრალდების მხარეს ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარია დისტანციურად არ გამოუკითხავს, თუმცა თავად დაცვამ გამოჰკითხა დისტანციურად, რაც სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად უნდა დაურთოს.
როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლოში დააყენებს შაუმდგომლობას გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
გიორგი გახარიას დისტანციური გამოკითხვა ჩვენი მხრიდან განხორციელდა და მე ვფიქრობ, ეს თანასწორობის პრინციპი არ უდნა დაარღვიოს საამართლომ და დღეს ეს მტკიცებულებაც დაურთოს საქმეს და მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მტკიცებულება მოვიპოვეთ,რომელიც ცალსახად დევნის შეწყვეტის საფუძველია, შსს-სა და სუს-ის მხრიდან დარღვეულია გიორგი გახარიას დაცვის უფლება იმიტომ, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა მტკიცებულებების მოპოვების უფლება", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.