"ჩვენ გვაქვს რუსეთს მიერ მიტაცებული სახელმწიფო, სადაც რუსული მოდელი ჩქარი ტემპით ინერგება" - სალომე ზურაბიშვილი

19.02.26 15:05
"ჩვენ გვაქვს რუსეთს მიერ მიტაცებული სახელმწიფო, სადაც რუსული მოდელი ჩქარი ტემპით ინერგება" - სალომე ზურაბიშვილი

"ჩვენ გვაქვს რუსეთს მიერ მიტაცებული სახელმწიფო, სადაც რუსული მოდელი ინერგება"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებისგან მეტი ყურადღება სჭირდება.

"ქართველი ხალხის ბრძოლა არის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და მათ წარმატება, ევროკავშირის წარმატების ტოლფასი იქნება"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

მეხუთე პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზა "ძალიან სქელ ყინულს" შეადარა. 

ძალიან სქელ ყინულზეა ყველაფერი. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარე ყველაფერი გვაშორებს ევროპულ გზას, ევროპულ რეფორმებს. ფაქტობრივად გვაქვს რუსეთის მიერ მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ჩქარი ტემპით ინერგება რუსული მოდელი. ეს რუსეთისთვის ბევრად ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ვიდრე სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. რადგან ჩვენს შემთხვევაში ხდება ინსტიტუტების, დემოკრატიული პრინციპების ხელში ჩაგდება. თუმცა, განსხვავებით რუსეთისგან ან ბელარუსისგან, გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იბრძვის და არ ტყდება"- განაცხადა ბრიუსელში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რა შეუძლია მათთვის უფრო მეტი გააკეთოს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: 

მე საქართველოში ვარ. აქ გამოვდივარ მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა უფრო მეტად იყოს გაგებული. საქართველოზე მეტი ყურადღება ეს ადვილი არ არის იმ დროს, როცა  გარშემო ამდენი და ასეთი მძიმე კრიზისებია.  მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მორალური მხარდაჭერა. იმიტომ, რომ მებრძოლი ხალხი იბრძვის ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის. და ჩვენ გვგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ძლიერი ევროპის მომავლისთვის. ევროპისთვის, რომელიც კავკასიაში ძლიერად იყოს წარმოდგენილი"- აღნიშნა "ევრონიუსთან" სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს კითხვა ტრამპის სამშვიდობო გეგმაზეც დაუსვეს და ჰკითხეს,  თუ კვლავ პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა, ხელს მოაწერდა ამ შეთანხმებას:

მე ვიცი, რომ ჩვენმა მეზობლებმა ხელი მოაწერეს და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის რეგიონი დარჩეს ერთიანი და იყოს წარმოდგენილი ყველა იმ ფორმატში, სადაც ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი და არა მხოლოდ ობიექტი, რაც სამწუხაროდ გასულ პერიოდში ჩვენ გავხდით.

ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც დგას ერთი მტრის, რუსეთის წინაშე, ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ იქცევა ის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ვიყოთ ყველა იმ ფორმატში, სადაც შეგვიძლია ჩვენი ხმა გავაჟღეროთ" - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა. 

ქვეყბის მეხუთე პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეეზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსეთს ომის დასრულება მოუწევს, თუმცა "სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა": 

ყველა მეზობელი კარგად იცნობს რუსეთს, როგორც მუდმივ აგრესორს, მუდმივ დამპყრობელს და მუდმივ იმპერიალისტურ ძალას, რომელმაც არ იცის სად უნდა გაჩერდეს. ამიტომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, და ასევე ის, რომ რუსეთმა აღიაროს ყველა სხვა შემთხვევაშიც რომ არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს" - განმარტავს ზურაბიშვილი. 

მისივე განცხადებით, "ვლადიმერ პუტინი არასოდეს არის დაინტერესებული მშვიდობით, ამიტომ ის მშვიდობისკენ იძულებით უნდა მიიყვანო".

ამ თვალსაზრისით, ალბათ ის გაურკვევლობა, რომელსაც პუტინი ტრამპთან და მის ქმედებებთან მიმართებაში განიცდის, არის საუკეთესო მოკავშირე იმისათვის, რომ ის სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიდეს. შესაძლოა ეს საუკეთესო დროა, რომ რუსეთმა აღიაროს, რომ ვიღაც არის ერთდროულად არაპროგნოზირებადიც და უფრო ძლიერიც, ვიდრე თვითონ" - განმარტა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.