დაარეგულირეთ თამაშის წესები; კონკურენციის სააგენტო უფუნქციოა - რა განცხადებები გაკეთდა ფასების კომისიის სხდომაზე

19.02.26 15:42
დაარეგულირეთ თამაშის წესები; კონკურენციის სააგენტო უფუნქციოა - რა განცხადებები გაკეთდა ფასების კომისიის სხდომაზე

"დაარეგულირეთ თამაშის წესები" - პარლამენტში, ფასების კომისიის სხდომაზე დღეს ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინეს. 

ბიზნესმენები ყოველდღიურ გამოწვევებზე საუბრობდნენ და აღნიშნეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი პრობლემების შესახებ წლების განმავლობაში იცოდა, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. ყოფილა შემთხვევა, როცა მაღალ ფასებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანიათ. 

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია "ემსიბი ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი ინსტიტუტი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ვაჭრობის დარგშია ჩართული, კონკურენციის სააგენტოა, თუმცა ის უფუნქციოა. 

პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიმყოფებით პარლამენტში და ამას დიდი ხანია ვამბობთ, გარკვეული თამაშის წესების დაწესება. ეკონომიკა ისეთი პროცესია, რომ სჭირდება გარკვეული რეგულაციების დაწესება. ერთადერთი დარგი ვაჭრობა, რომელშიც არაფერი არ არის, ერთადერთი ინსტიტუტი სახელმწიფოს მხრიდან ჩართული ამ სფეროში, როგორ არის ჩართული ეს ალბათ შემდეგი დისკუსიის საგანია, ეს არის ე.წ. კონკურენციის სააგენტო, რომლის შედეგები საქმიანობის, ძალიან დიდ პატივს  ვცემ მათ ხელმძრვანელობას, ადამიანურად, პიროვნულად ძალიან კარგი ურთიერთობები მაკავშირებს, მაგრამ სამწუხაროდ უფუნქციო დაწესებულებაა," - განაცხადა ფასების კომისიის სხდომაზე ალექსანდრე რატიშვილმა. 

ამასთან, მისივე თქმით, მწარმოებლები წლების განმავლობაში აყენებდნენ იმ საკითხებს დღის წესრიგში, რაზეც დღეს ისაუბრეს, თუმცა ხელშესახებ შედეგებს ვერ მიაღწიეს.

არ იყო კარგი ის, რაც აქამდე ხდებოდა, ეს დავაფიქსირე, აქამდე წლების განმავლობაში ამ საკითხებს ვაყენებდით, მაგრამ არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. 

რა თქმა უნდა, კობახიძე დიდი ხანია პარლამენტშია, მაგრამ ძირითადად სხვადასხვა რგოლებთან გვქონდა შეხება, მათ შორის მინისტრთა კაბინეტთან, პარლამენტთან, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ძირითადად გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან, რომელთანაც ხელშესახებ შედეგებს ვერ მივაღწიეთ, თუმცა თუკი ვინმემ დადო რამე რეკომენდაცია ეს კონკურენციის სააგენტოა. დანარჩენი, აგერ არის ინიციატივები, მოქმედების გეგმები და ძალიან დიდი იმედი მაქვ, რომ მომავალში და სულ ცოტა ხანში, როგორც გვპირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები აპრილის ბოლოს იქნება ეს ყველაფერი," - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა "პირველებთან". 

ამის გარდა,  "პირველებმა" პარლამენტში ფასების კომისიის ხელმძღვანელს კითხა, სად არის საერთაშორისო კომპანია, რომელსაც პრობლემა უნდა შეესწავლა რაზეც  შოთა ბერეკაშვილმა გვითხრა, რომ ისინი ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა და არ განუმარტავს საერთაშორისო კომპანიას როდის და რა პირობებით მოიწვევენ. 

"ვმუშაობთ," - განაცხადა ბერეკაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე მწარმოებლებმა ქსელურ მარკეტებსა და მათ შორის არსებულ პრობლემებზე და "ქეშბექის" მიერ გაზრდილ ფასებზეც ისაუბრეს. 

მსგავსი სიახლეები