ქართულ ბაზარზე ყიდიან რუსული უხარისხო ზეთს, რომელიც რუსეთშიც კი არ იყიდება - მწარმოებლები პრობლემაზე საუბრობენ
ფოთში მდებარე ზეთის მწარმოებელი საწარმოს, შპს ჯოლიოს მმართველმა პარტნიორმა გიორგი ადეიშვილმა პარლამენტში, ფასების კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ იაფიანი ზეთი, რომელიც რუსეთიდან შემოდის ისეთი მწარმოებლებისაა, რომელსაც რუსულ ქსელებში ვერ ვნახავთ.
მისივე თქმით, შესაძლოა აღნიშნული მწარმოებლის ზეთი შეზღუდულიც კი ჰქონდეთ რუსეთში იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი.
გიორგი ადეიშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად შპს ჯოლიოს ქარხანა გაჩერებულია, რადგან ნედლეულის [მზესუმზირის] შემოტანას ვერ ახერხებს.
იაფიანი ზეთის სეგმენტში, როდესაც ჩვენ შევდივართ, აქ ვხედავთ, რომ რუსეთიდან მოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელსაც რუსეთში ქსელში ვერ ნახავთ, უფრო მეტიც შეიძლება შეზღუდულიც კი აქვს იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი....
რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აი ამ სამ ქვეყანას შეუძლია მომაწოდოს მზესუმზირა. სამივესგან ისეთი გადასახადებია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მზესუმზირის მიღება... ვდგავარ ჩემო ბატონო და ველოდები როდის მორჩება [რუსეთ-უკრაინის] ომი. 40 000 ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება და ამის დამზადება ნულია," - განაცხადა გიორგი ადეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ფასების კომისიის სხდომაზე ადგილობრივ მწარმოებლებს უსმენენ.