რას ამბობს ირაკლი კობახიძე ელისო კილაძის დაკავებაზე

19.02.26 17:49
რას ამბობს ირაკლი კობახიძე ელისო კილაძის დაკავებაზე

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ "როცა არის დანაშაული ჩადენილი, მას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება"

აქაც კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკაა და მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაში. თქვენ გახსოვთ ელისო კილაძის უმარავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე. არ მინდა უფრო ღრმად შევიდე. როცა არის დანაშაული ჩადენილი,  რა თქმა უნდა ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა "ოცნების" ლიდერმა. 

კობახიძემ ასევე უპასუხა ელისო კილაძის ბრალდებას, რომელიც მამუკა მდინარაძის ბიტკოინებს უკავშირდება: 

ნუ აბსურდია ეს. მან უკვე მეორედ გააკეთა ეს განცხადება. პირველად გააკეთა ერთი წლის წინ, რამდე რომ ჰქონოდა გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. პრაქტიკული კუთხითაც იყო აბსურდული მისი ეს განცხადებაც. მგონი სერიოზულ კომენტარს ასეთი კომენტარები არ იმსახურებს", - განაცხადა კობახიძემ.  

რა განაცხადა ელისო კილაძემ: "რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით"

 

  • შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.  

ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. 

  • საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას