ჯარის ძარცვის საქმე - სასამართლო პროცესზე ოქროს მოწმე, ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დისტანციურად იკითხება

20.02.26 17:14
ჯარის ძარცვის საქმე - სასამართლო პროცესზე ოქროს მოწმე, ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დისტანციურად იკითხება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე ოქროს მოწმე, ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, რომელსაც მამხილებელი ჩვენებები ვასილ მხეიძის, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ აქვს მიცემული, დისტანციურად იკითხება.

  • დღევანდელი პროცესიდან გაირკვა, რომ ზურაბ ტუკვაძე ამერიკაში ცხოვრობს, ოჯახი იქ ჰყავს.

მისი დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. 

ადვოკატების თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა უკიდურესად დაუსაბუთებელია და ტუკვაძის დისტანციურად დაკითხვის შემთხვევაში დაცვის მხარეს ეფექტური დაცვის უფლება ერთმევა. ადვოკატების თქმით, მოწმის დისტანციურად დაკითხვას თავის წესები აქვს.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მოწმეს ჰკითხა, ხომ არ აპირებს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას, რაზეც ტუკვაძემ უპასუხა, რომ ის „ზაფხულის ბოლომდე არ აპირებს ქვეყანაში ჩამოსვლას".

აღნიშნულის შემდეგ ვასილ მხეიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, როგორც მან განმარტა, ეფექტური დაცვის განხორციელების მიზნით, სხდომა უნდა გადადებულიყო. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ეს მოწმე მნიშვნელოვანია, სწორედ მისი ჩვენებებით დაიწყო დაკავებები, რის გამოც, პოზიციები როგორც კოლეგებთან, ასევე ბრალდებულებთან შესათანხმებელია. 

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ტუკვაძეს დისტანციურად ჰკითხავენ.

  •  ზურაბ ტუკვაძე სუს-ს ჩვენებაში უყვება, რომ მოგებული ტენდერების სანაცვლოდ იხდიდა ქრთამს და ფულს უგზავნიდა თავდაცის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს.
  • მეტიც, ბიზნესმენი ჩვენებაში ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

მსგავსი სიახლეები