"მხეიძემ მითხრა, რომ საიდუმლო შესყიდვის ღირებულების 10% ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო" - ტუკვაძის სკანდალური ჩვენება
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე ოქროს მოწმის, ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძის საათნახევრიანი გამოკითხვა დასრულებულია.
- ზურაბ ტუკვაძე, რომელსაც მამხილებელი ჩვენებები ვასილ მხეიძის, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ აქვს მიცემული, დღევანდელ პროცესს აშშ-დან დისტანციურად დაესწრო.
ბიზნესმენის განცხადებით, შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და ვასილ მხეიძეს [ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას] შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო.
2022 წელს მისი ინიციატივით მოვიდა ვასო მხეიძე და შემომთავაზა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ტენდერში მიმეღო მონაწილეობა.
ვინაიდან რამდენიმე დიდ კომპანიას ვფლობდი, ვთხოვე, ჩემთვის თანამდებობის პირობებისგან გარანტია მოეცა, ეს შესყიდვა შედგებოდა თუ არა ნამდვილად. ის ერთ კვირაში დაბრუნდა და მითხრა, რომ ესაუბრა მის სიძეს, მაშინდელ თავდაცვის მინისტრს და მითხრა, რომ ეს შესყიდვა შეთანხმებული იყო იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთანაც. ეს შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო. ასევე მან გამიჟღერა, რომ პრემიერს ხუმრობით უთქვამს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე პრემიერის გარე ნათესავი იყო, უთქვამს, რომ კარგი სიძე არ ვიყავი, მაგრამ ბიზნესის ნაწილში შეიძლებოდა შესყიდვა განხორციელებულიყო, დავრწმუნდი, რომ ეს [შესყიდვა] სარწმუნო იყო. 2-3 თვეში, თავდაცვის სამინისტროდან შესყიდვების უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური დამიკავშირდა და შევხვდი. მან საუბრისას მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვას აპირებდა. მას ჩემი და ჩემი მეგობრის კომპანიის მონაცემები დავუტოვე, რამდენიმე ხანში ბაზრის კვლევა სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებით გავუგზავნე. ხელშეკრულება, დაახლოებით, 5 მილიონს მოიცავდა, რაც სამედიცინო ინვენტარის და აპარატურის შეძენას გულისხმობდა. დაახლოებით, 3-4 თვეში, ვასო მხეიძე მოვიდა, მას შეთანხმებისამებრ ხელშეკრულების 10% გადავეცი, მან მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს კიდევ ექნებოდა შესყიდვები სამედიცინო აპარატურების, იგივე შეთანხმებით გავაგრძელეთ მუშაობა, ჩემს მეგობრებთან მივედი და დახმარება ვთხოვე," - განაცხადა ტუკვაძემ.
ბიზნესმენს პროკურორმა, ჰკითხა, თუ რით ახსნიდა მის რამდენიმე ჩვენებაში მიწოდებულ განსხვავებულ ინფორმაციებს.
რაზეც ტუკვაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გააანალიზა, რომ შესაძლოა სხვებიც დაზარალებულიყვნენ, მიიღო გადაწყვეტილება, თავისი ნებით მისულიყო გამოძიებასთან და სიმართლე ეთქვა.
ვასოსთან[მხეიძე] რატომ უნდა მომეყოლა ისეთი რაღაცები, რაზეც კითხვები არ დასმულა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როცა გავაანალიზე, რომ სხვები, ბიზნესმენები, ჩემი მეგობრები დაზარალებულიყვნენ, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ნებით მივსულიყავი და გამოძიებისთვის სიმართლე მეთქვა და ჩვენება დამეზუსტებინა," - განაცხადა ტუკვაძემ.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.