მდიდრები ღარიბების სიაში - "ოცნება" აღიარებს, რომ სოცდაუცველთა ბაზაში დარღვევები გამოვლინდა

20.02.26 20:11
მდიდრები ღარიბების სიაში - "ოცნება" აღიარებს, რომ სოცდაუცველთა ბაზაში დარღვევები გამოვლინდა

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ სოციალური დახმარებების სისტემაში დარღვევები გამოვლინდა. ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გაჭირვებული მოსახლეობისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებებს რიგ შემთხვევებში ისეთი ოჯახები იღებდნენ, რომელთაც მატერიალური საჭიროება არ ჰქონდათ. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც, ოფიციალური მონაცემებით, პარალელურად ძვირადღირებულ, მათ შორის ბოლო მოდელის ავტომობილებს ფლობდნენ.

ივანიშვილის გუნდის შეფასებით, სოციალური დაუცველების ბაზაში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დახმარებას იღებდნენ ოჯახები, რომლებსაც ბოლო თვეებში რამდენიმე ათასი ლარის შემოსავალი ჰქონდათ. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება და შესაბამისი კონტროლის პროცედურები.

ოპოზიცია აღნიშნულ განცხადებას "ოცნების" ხელისუფლების დაგვიანებულ აღიარებად აფასებს. კრიტიკოსების მტკიცებით, სოციალური დაუცველის სტატუსი წლების განმავლობაში ხშირად არა რეალური საჭიროების, არამედ პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ენიჭებოდა, რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენდა ელექტორალურ მხარდაჭერაზე.

"ოცნება" განმარტავს, რომ გარკვეულ პერიოდში გადამოწმების პროცესი პანდემიის გამო შეჩერებული იყო. თუმცა, ოპონენტები მიუთითებენ, რომ პანდემიის დასრულებიდან რამდენიმე წელი გავიდა და პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.