ექსკლუზივი: "ჩემზე თავდასხმის ორგანიზატორი იყო ოთარ ფარცხალაძე"- ექს-პროკურორის რეკეტზე ბიზნესმენი ალაპარაკდა
ოთარ ფარცხალაძის რეკეტზე ქვეყნის ერთ ერთი უმსხვილესი პარფიუმერული მაღაზიების ქსელის მფლობელი "შაბათის ეთერთან" ალაპარაკდა. ლერი ფხაკაძე პირველად ყვება, როგორ სცემეს სასიკვდილოდ ბიზნესის წილების გამო.
35 წლის კაცი ქვეყნის ერთ ერთი უმსხვილესი პარფიუმერული მაღაზიების ქსელის, "ლუტეციას" მფლობელია. ამ ბიზნესის წილის 60 პროცენტი, ბიძამ 2017 წელს აჩუქა, ლერი ფხაკაძის ბიძა, კომპანიის დამფუძნებელი, 2020 წელს გარდაცვლილი ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძეა.
ფხაკაძე ირწმუნება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის გარემოცვიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ, რამდენიმე კვირაში საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებები საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ფხაკაძეს MMA-ის მებრძოლმა, ბექა თოფურიამ მიაყენა. ბიზნესმენი ამბობს, რომ თავდამსხმელმა ცემა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, რაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში უპასუხა და დანით თავი დაიცვა. ფხაკაძე ძლიერი სისხლდენით და დაზიანებით ევექსის კლინიკაში შეიყვანეს.
სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა:
- ლერი ფხაკაძის მტკიცებით, პოლიციამ მისი ჩვენებიდან გააქრო ნიღბის არსებობის ფაქტი და მომხდარს ორ პირს შორის დაპირისპირების კვალიფიკაცია მისცა. ფხაკაძის მიერ თავდამსხმელის წინააღმდეგ თავდაცვის მიზნით დანის გამოყენება კი სისხლის სამართლის დანაშაულად შერაცხა და ნაცემი ბიზნესმენი ბრალდებულის სკამზე დასვა.
- ადვოკატების თქმით, ნაცემი ბიზნესმენის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდება ლერი ფხაკაძეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ძალოვანმა უწყებამ მისი დაშინება სცადა - მიანიშნეს, რომ თუ ბიზნეს წილებს არ დათმობდა წლები ციხეში ყოფნა მოუწევდა.
- საქმეში არ დევს კამერის არც ერთი ჩანაწერი, არადა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, თავდასხმის ადგილას ჯიქიას 3 ნომერში მთელს პერიმეტრს ვიდეო სათვალთვალო კამერები და დაცვის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ.
ბრძოლა წესების გარეშეს, მებრძოლი ბექა თოფურია, რომელმაც ბიზნესმენი სასტიკად სცემა გამოძიებას სხვადასხვა ჩვენებას აძლევდა:
- თავდაპირველად ყვებოდა, რომ ბიზნესმენთან დაპირისპირება დიღმის ტყე-პარკში მოხდა. მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ ჩხუბი ჯიქიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოუვიდა. თოფურიამ გამოძიებას ახალ ჩვენებაში უმტკიცებდა, რომ აქ არა ბიზნესმენზე თავდასხმისთვის, არამედ ინტერნეტით გაცნობილ გოგოს სანახავად მივიდა და ლერი ფხაკაძეს ბინის ძებნის დროს გადააწყდა.
საბოლოოდ, "ლუტეციას" ქსელის 60% იანი წილის მფლობელი, რომელსაც საკუთ სადარბაზოში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს ბრალი იქით წაუყენეს, რადგან თავდასხმის დროს აუცილებელი მოგერიების გამო თავს იცავდა.
ლერი ფხაკაძე გვიყვება, რომ ბიზნესის წილების წართმევის მცდელობა ბიზნესმენის ცემითა და მისი ბრალდებულის სკამზე დასმით არ დასრულებულა:
- თავდასხმიდან ხუთ თვეში, ლერი ფხაკაძის წინააღმდეგ სასამართლოში ვახტანგ ფხაკაძის მეუღლემ დაიწყო დავა. ბიზნესმენის ცოლი ამტკიცებდა, რომ მისმა მეუღლემ სიცოცხლეში ძმისშვილს წილები არა საჩუქრად არამედ ფიქტიურად გადააფორმა. დავა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციაში მოსარჩელის სასარგებლოდ, რეკორდულად მოკლე დროში — ერთ წელიწადში დასრულდა.
- ნაცემი ბიზნესმენი ამბობს, რომ ფარცხალაძის მარჯვენა ხელის, მიხეილ ჩოხელის ხელის მოხდა კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლა მათი სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების კუთხით.
ლერი ფხაკაძის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩენს განცდას, რომ ქონების განაწილების საქმე ვიღაცის ჩარევით და გავლენით გადაწყდა. ფიზიკური ანგარიშსწორების, მუდმივი მუქარისა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, ბიზნესმენ ლერი ფხაკაძეს საქართველოს დატოვება მოუწია.