გორის მერიის აიპებში მუშახელზე მეტი ზედამხედველია - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, გორის მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში რიგ შემთხვევებში მუშახელზე მეტი ე.წ. ზედამხედველია დასაქმებული. დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო, მუნიციპალიტეტს სტრუქტურის ოპტიმიზაციისკენ მოუწოდებს.
აუდიტის რეკომენდაციაში გორის მერს ურჩევენ, შეამციროს ზედამხედველთა რაოდენობა და საკადრო რესურსი რეალურ საჭიროებებს მოარგოს.
აუდიტის დასკვნას ეხმაურება ოპოზიციის წარმომადგენელი, „ენმ“-ის წევრი ანა ბალიაშვილი. მისი განცხადებით, ზედამხედველთა სიჭარბის პრობლემა მუნიციპალიტეტში წლებია არსებობს და შესაბამისი უწყებების რეაგირება აქამდე არ ყოფილა.
ბალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ აუდიტის დასკვნა კლანებს შორის დაპირისპირების ან კონკრეტული ჩინოვნიკების მიმართ შესაძლო საგამოძიებო ინტერესის ნაწილი იყოს.
ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბრობთ, რომ მათი უმრავლესობა ხელფასს იღებს არაფერში, თუმცა ამაზე რეაგირება ამ წლების განმავლობაში იყო ნული. ამჯერად, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არის კლანებს შორის დაპირისპირების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, როდესაც ერთი კლანი ებრძვის მეორეს, უნდა საკუთარი კადრებით ჩანაცვლება არსებულ თანამდებობებზე ან კიდევ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აუდიტის დასკვნაში გაჟღერებული ასეთი მწვავე და მძიმე ბრალდებები ემსახურება იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებიდან რომელიღაცის დაჭერა ან ვიღაცეების დაჭერა იგეგმება სუსის მხრიდან, - ამბობს ენმ-ს წევრი ანა ბალიაშვილი.
გახდება თუ არა აღნიშნული აუდიტის დასკვნა მერიაში რეორგანიზაციის საფუძველი, უცნობია. "პირველებს" ზარებს კონტანტონე ბუზალაძემ არ უპასუხა.