თუ გირაოს შემიფარდებენ - გადავიხდი, პასპორტს ჩამომართმევენ - საერთაშორისო მეგობრებს ხმას მაინც მივაწვდენ - ნიკა გვარამია
თუ გირაოს შემიფარდებენ - გადავიხდი, პასპორტს ჩამომართმევენ - საერთაშორისო მეგობრებს ხმას მაინც მივაწვდენ - ასე ეხმაურება “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს.
ცნობილია, რომ 13:00 საათზე, სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.
ცნობილია, როდ დღეს ჩანიშნულ სასამართლოს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან კოალიციის დაპატიმრებული ლიდერები - ნიკა მელია და ელენე ხოშტარია.
არ ვიქმნი მოლოდინებს, პოზიტიურს ხომ მით უმეტეს. როგორც გავიგე, სავარაუდოდ გირაო იქნება და პასპორტის ჩამორთმევა. რას ვიზამთ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, იმაზე ბევრი ნერვიულობა არ ღის - მივიღებ როგორც მოცემულობას. ვერ ვივლი უცხოეთში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, სხვა ივლის ჩემს ნაცვლად. ჩვენს მეგობრებს ხმას როგორმე მივაწვდენ. გირაოს შემიფარდებენ - გადავიხდი, ვნახოთ რამდენი იქნება. რა უნდა იყოს ჩემთვის, რომ "ქოცებმა" გააკეთონ და გამიკვირდეს?! - ასეთი არაფერი არ არის, მზად ვარ ყველაფრისთვის"- თქვა გვარამიამ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.