თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას - კობახიძე
[მიხეილ] სააკაშვილმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ [გიორგი] ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ოცნების" პრემიერმა თეა წულუკიანის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადების განმარტება სცადა და თქვა: "თეა წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას".
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გმირს, მარო მაყაშვილს, პარტიის ლიდერი ამბობს:
იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. რა თქმა უნდა, ეს იყო საბჭოთა არმია და არსებითად ეს იყო, ბუნებრივია, რუსული. ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა იყო. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი, ბუნებრივია, საოკუპაციო ძალაში"- თქვა კობახიძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ.
კიდევ ერთ კითხვაზე: "შესაძლებელი იყო თუ არა, საბჭოთა ოკუპაციის თავიდან არიდება", კობახიძემ თქვა:
1921 წელს მე მეეჭვება, რომ შესაძლებელი იყო, თუმცა თუ ამ მიმართულებით მიგყავთ, 2008 წელს სააკაშვილს შეეძლო, არ დაეწყო ომი"- ამბობს "ქართული ოცნების" პრემიერი.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, "შეგიძლიათ, ასე გადაჭრით თქვათ, გიორგი ანწუხელიძეზეც, რომ ის რუსებმა მოკლეს?"
საბოლოო ჯამში, გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას. ეს თქვა თეა წულუკიანმა. სააკაშვილმა თვითონ დაიწყო ომი, სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას - ერთი მეორეს არ გამორიცხავს"- დასძინა მან.
"პირველების" კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი რუსული ოკუპაციის თავიდან არიდება 90-იან წლებში, კობახიძე ამბობს, რომ იმ დროს ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული.
90-იანი წლების დასაწყისში უამრავი შეცდომა იყო დაშვებული, შესაძლებელი იყო სხვა მიმართულებით პროცესების განვითარება. ანუ ომი დაიწყო და ამას მოჰყვა შემდგომ რუსული ოკუპაცია, - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების” ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა 2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ თქვა: „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის... ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ”.