კობახიძემ კალასის მიერ ინიცირებული დოკუმენტი შეაფასა

23.02.26 14:03
კობახიძემ კალასის მიერ ინიცირებული დოკუმენტი შეაფასა

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, -  ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ქართული ოცნების" ლიდერმა უპასუხა კითხვას, რომელიც კაია კალასის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ეხებოდა.

„არ დავალ პიროვნებებამდე,  ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით. როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ და სადაც პირიქით, მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ, ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ გამოვთქვამთ კრიტიკას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაადასტურა, რომ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში მოითხოვს რუსული სამხედროების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კაია კალასმა თქვა, რომ ეს მოთხოვნა კეთდება „მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული ბალანსის შესაქმნელად და ფოკუსის იმ პრობლემაზე გადასატანად, რასაც რუსეთის მიერ მეზობლებზე თავდასხმების გაგრძელება ჰქვია“.