პოლიტიკოსების საქმე: მოსამართლე თამარ მახარობლიძემ თავი არ აიცილა

23.02.26 15:17
პოლიტიკოსების საქმე: მოსამართლე თამარ მახარობლიძემ თავი არ აიცილა

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა მისი აცილების შუამდგომლობა. მოსამართლე ამტკიცებს, რომ ის არ იყო მოსამართლე იმ წლებში, რომელზეც ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ისაუბრა. 

მე იმ წლებში არ ვყოფილვარ შეზღუდული ჩემი მოსაზრებების გამოთქმისგან. მოსამართლე ვარ 2024 წლიდან. ჩემი განცხადებები ჩემს ობიექტურობას და მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს“, - ამბობს მოსამართლე.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს მიმართა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მახარობლიძე ღიად აკრიტიკებდა. 

რას წერდა მაგალითად მოსამართლე თამარ მახარობლიძე 2019 წელს, ნიკა გვარამიასთან და მაშინდელ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზე:

"გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც რ2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრობლემებად ასახელებს. ამით იგი ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.

ნათელია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს გამოძიების ყურადღებას. გვარამია კარგი იურისტია და მშვენივრად ხედავს გარდაუვალი სასჯელის საფრთხეს. ალბათ რ2-ის "შეტევაზე გადასვლის" ისტერიის ლოგიკაც აქ უნდა ვეძებოთ" - წერდა მახარობლიძე. მაშინ ის ჯერ მოსამართლე არ იყო. 

ნიკა გვარამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მიკერძოებული და მის კომპეტენციასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. 

  • თამარ მახარობლიძე: მოსამართლეს კითხვებს ნუ უსვამთ, თქვენი მოსაზრება დააფიქსირეთ შუამდგომლობის სახით
  • ნიკა გვარამია: უსამართლოს მომიწოდებთ, კანონისმიერი საფუძველი მიმითითეთ, რომ მე არ შემიძლია დავაზუსტო ფაქტობრივი საფუძველი მოსამართლესთან დაკავშირებული,თავად მოსამართლესთან.
  • თამარ მახარობლიძე: მოსამართლე არ იკითხება.

მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილებასთან დაკავშირებით პოზიცია გამოთქვა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემაც.

მისი თქმით, მოსამართლეს, როგორც მოქალაქეს აქვს თავისი შეხედულებები.

ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ მისთვის სიახლე იყო თამარ მახარობლიძის ბიოგრაფია და მის მიერ საჯაროდ გამოხატული სიმპათია ოცნების მიმართ და ზიზღი ოპოზიციის მიმართ. 

მსგავსი სიახლეები