"ოცნების" მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ რუსეთი გაქრეს ჩვენი პრობლემების ჩამონათვალიდან - ოპოზიცია
ოპოზიცია "ქათულ ოცნებას" ისტორიის გადაწერის მცდელობაში ადანაშაულებს. ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეროვნული სასწავლო გეგმის კონტექსტში, სადაც, მათი შეფასებით, ბოლო წლებში შეიცვალა რუსეთ-საქართველოს ომებთან დაკავშირებული ფორმულირებები.
„თავისუფლების მოედნის“ წევრი სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ცვლილებები ისტორიის სწავლების მიდგომებში მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზი აჩვენებს, რომ „რუსეთ-საქართველოს ომების შესახებ პირდაპირი მითითებები გაქრა“, რაც, ჯანაშიას შეფასებით, ახალგაზრდებში ისტორიული პროცესების აღქმაზე აისახება.
რასაც აკეთებენ, ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო, ვიდრე ის, თუ რას ამბობენ. თუ ვინმეს აინტერესებს, რას ცდილობს "ქართული ოცნება", შეუძლია, ნახოს, მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც არეგულირებს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში როგორ უნდა ისწალებოდეს, მაგალითად, ისტორია. იქ, ბოლო 15 წლის განმავლობაში გაქრა მითითება იმაზე, რომ უნდა ისწავლებოდეს რუსეთ-საქართველოს ომების შესახებ. იმის მაგივრად, რომ, მაგალითად, ეწეროს, რო იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში, ან რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს, ახლა წერია, რომ თურმე ეს ყოფილა საქართველოს საგარეო მოვლენები ან საგარეო პრობლემები და ა.შ. ანუ, თავისთავად, ეს კონფლიქტი რომ არსებობდა რუსეთ-საქართველოს შორის, ეს გაქრა. არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ რუსეთი გაქრეს ჩვენი პრობლემების ჩამონათვალიდან და ეს იქნება სერიოზული პრობლემა, იმიტომ, რომ ახალგაზრდები აღარ გაიზრდებიან იმ პრობლემის გააზრებით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პრობლემა არის რუსეთი, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" წევრი სიმონ ჯანაშია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხედვა საქართველოს ისტორიის შეფასების შეცვლისკენ არის მიმართული. მისი განცხადებით, მსგავსი მიდგომა საფრთხეს უქმნის ეროვნული გმირების როლისა და ისტორიული წინააღმდეგობის მნიშვნელობის გააზრებას.
ამათი გადმოსახედიდან საქართველოს ისტორია არის ხელახლა გადასაწერი. ყველა მეფე, ყველა ქართველი გმირი, რომელსაც ოდესმე ხმა აუმაღლებია ან უბრძოლია ამ ქვეყნის მტრებთან, ამათთვის სულყველა არის მტერი. ანუ ესენი იძახიან, რომ ჩვენ უნდა ვმდგარიყავით მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში მუხლებზე და ახლაც უუნდა ვიდგეთ მუხლებზე და რომ ეს არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა და ვითომ ეს გადაგვარჩენს, რაც არის ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერის მცდელობა და ჩვენი გმირების, ადამიანების, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ ქვეყანას, მათი ღვაწლის გაუფასურება და ამას პირდაპირ ამბობენ, აღარ მალავენ, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.