ერთმანეთისგან გადაწერილი თუ ერთობლივად შეთანხმებული ტექსტები? - "ოცნების" წევრებმა ივანიშვილს დაბადების დღე იდენტურად მიულოცეს

23.02.26 20:23
ერთმანეთისგან გადაწერილი თუ ერთობლივად შეთანხმებული ტექსტები? - "ოცნების" წევრებმა ივანიშვილს დაბადების დღე იდენტურად მიულოცეს

ზუგდიდის მერი გვიმტკიცებს, რომ იდენტური სიყვარულის ბრალია, თუ მისი მისალოცი წერილი წყლის ორი წვეთივით გავს გუბერნატორისას. დავით კოდუამაც და დავით ვერავამაც, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე თითქმის იდენტური გზავნილებით მიულოცეს. რატომღაც ორივეს დამოუკიდებლად მოუნდა დაეწერა, რომ ივანიშვილმა ქვეყნის სუვერენიტეტი განამტკიცა და კულტურული მემკვიდრეობა შეგვინარჩუნა. როგორც ჩანს გულწრფელობა იმდენად სპონტანური იყო, რომ შემთხვევით ერთმანეთს დაემთხვა.

როგორ მოხდა, რომ ერთი კაცის მიმართ ყველას ერთი და იგივე გრძნობა დაეუფლა, თანაც ერთი და იგივე სიტყვებით? - სიყვარულის აღქმის უნარიც ერთი და იგივე აღმოაჩნდათ. ყველამ ივანიშვილის ისტორიულ როლს გაუსვა ხაზი, დაწერეს რომ მისი წვლილი ქვეყნის ისტორიაში განუზომელია. ერთი კაცის სიყვარულს პარტიაში იმდენად ინდივიდუალურად იგრძნეს წინადადებები წერტილ მძიმიანად დაემთხვა ერთმანეთს. მთავარი სიურპრიზიც სწორედ ამაში იყო, ხოტბა შეესხათ კაცისთვის, რომელიც მშვიდობის, სუვერენიტეტის და განვითარების ერთადერთ გარანტად წარმოაჩინეს.

ლიდერის მიმართ სიყვარული იმდენად ერთნაირი აღმოჩნდა, რომ ტექსტიც ვერ გაცდა შაბლონის ფარგლებს. თავად ამტკიცებენ, რომ არა, თუმცა უცხო თვალი ალბათ მაინც იფიქრებს, საჯარო მოხელეებს დრო დაუზოგეს ფიქრისთვის და წინასწარ უთხრეს ვის როგორი სიტყვით უნდა შეექო ივანიშვილი. ზოგმა წინადადებებს წყობა შეუცვალა, მაგრამ შინაარსი იდენტური დატოვეს, ზოგმაც დაწერა, რომ ერთი კაცი ოლიგარქი, დიდი ქართველია ის არის მხოლოდ მშვიდობის გარანტი და მის ღვაწლს ისტორია უფრო კარგად შეაფასებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველაფერი უბრალო დამთხვევაა - როდესაც სიყვარული გულიდან მოდის, სიტყვებიც თავისით ეწყობა.

"ქართულ ოცნებაში" პრაქტიკულად არც უარყოფენ, რომ ივანიშვილის დაბადების დღის მისალოცი გზავნილები ერთმანეთთან შეთანხმებით გამოქვეყნდა. ოლიგარქის დაბადების დღიდან უკვე ერთი კვირა შესრულდა, მაგრამ მისთვის არც დღეს იშურებენ საქებარ სიტყვებს. სტილი ამ შემთხვევაშიც დაცული აქვთ. ისევ იგივე ფრაზებით.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში