უკანონოდ, ტროტუარზე აშენებული სასტუმრო - ყოფილი მერის დაკავების ხმაურიანი დეტალები
ტროტუარზე სასტუმროს მშენებლობა ლენტეხის ყოფილ მერს პატიმრობად დაუჯდა. გია ონიანს ხელბორკილები დღეს დაადეს. მერი, რომელიც გავლენებით სარგებლობდა, აღმოჩნდა, რომ საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და უკანონო მშენებლობას ახორციელებდა.
სქემის მიხედვით, მერად არჩევის შემდეგ, გია ონიანმა მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის სახელით საკუთარ სამსახურს - მერიას მშენებლობის ნებართვით მიმართა - თავდაპირველად უნდოდა ორსართულიანი კომერციული ფართის აშენება, შემდეგ კიდევ ერთი სართული დაამატა და სტალინის ქუჩაზე ტროტუარის ჩათვლით სასტუმრო "ბორჯღალი" ააშენა. მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა გასცა - ზედამხედველობა კი დაკავებული მერის მეუღლის დის ქმარმა, გიორგი გულბანმა.
"აიფაქტმა" ტროტუარზე კანონდარღვევით მერის სასტუმროს მშენებლობაზე საგამოძიებო სტატია ჯერ კიდევ 2 წლის გამოაქვეყნა, თუმცა, გია ონიანი ამ დროს მერის თანამდებობას იკავებდა და ხელშეუხებელი იყო. როგორც წესი, ასეთი გამოძიების დროს თავს ჟურნალისტებს ესხმის "ქართული ოცნება", ახლა კი თავად აღიარეს, რომ რეგიონს მართავდა კაცი, რომელიც სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა. "აიფაქტმა" ჟურნალისტური გამოძიებისას ისიც გაარკვია, რომ გია ონიანს მერად მუშაობისას ბიზნესსაქმიანობა არ შეუწყვეტია და დაცვის კომპანიის სახელით მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა.
რატომ დაიჭირეს გია ონიანი ახლა, როცა მის სავარაუდო კორუფციაზე მედია ორი წლის წინ საუბრობდა? - კორუფციის მკვლევარი ეჭვობს, რომ მიზეზი კობახიძე-ღარიბაშვილის კლანს შორის დაპირისპირებაა.