გამოცხადებული ბრძოლა საქართველოს ეროვნულ გმირებთან - ვინ დგას რუსეთის როლის გაქრობის კამპანიის უკან

23.02.26 20:13
გამოცხადებული ბრძოლა საქართველოს ეროვნულ გმირებთან - ვინ დგას რუსეთის როლის გაქრობის კამპანიის უკან

"ქართული ოცნება" დილიდან დიდი გვირგვინებით დაირაზმა და სამშობლოსთვის თავგანწირული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს. პატივის მიგების შემდეგ კი იყო ეროვნული გმირებისთვის პატივის აყრის მცდელობა.  

დღეს 23 თებერვალია - დღე, როცა 105 წელია ქართული საზოგადოება სამშობლოსთვის მებრძოლ იმ 20-25 წლის ახალგაზრდებს იხსენებს, ვინც რუსეთის 11-ე არმიასთან 5-დღიან უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას შეეწირნენ. ამ ისტორიულ ჭეშმარიტებაზეც ირაკლი კობახიძეს საკუთარი აღქმები აქვს. "ოცნებას" რუსეთის, როგორც მთავარი აგრესორის ხსენება ამ შემთხვევაშიც უჭირს.

მარტივ ისტორიულ ჭეშმარიტებაზე კითხვები "ქართულ ოცნებასთან" მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ჭეშმარიტების შეცვლას "ოცნების" პროპაგანდისტი, გია გაჩეჩილაძე შეეცადა. საქმე იქამდე მივიდა, რომ "ოცნების" მეხოტბემ პირველი ქართველი ქალი ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის მკვლელობაში პირველი რესპუბლიკის მეთაურები დაადანაშაულა.

საქართველოს ეროვნული გმირების შეურაცხყოფის კამპანია დაიწყო გაჩეჩილაძემ და გააგრძელეს "ოცნების" სხვა წევრებმაც, რომლებიც რუსეთის დანაშაულების შემსუბუქებას ცდილობენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც იუნკერთა ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა.

"ოცნებაში" ისეთებიც არიან, ვინც პარტიასთან შეთანხმების გარეშე იმასაც ვერ ამბობს ვინ მოკლა მარო მაყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე.

ვიდრე ისტორიულ ფაქტებზე ორაზროვანი პასუხების გაცემას დაიწყებდნენ, ველი შეამზადეს. სოციალურ ქსელში მარო მაყაშვილის მკვლელობის 105 წლისთავზე გამოქვეყნებულ ფოტოებს ტროლების მთელი ქარხანა შეუსიეს. მთავარი მიზანი 19 წლის სტუდენტის, პირველი ქალი ეროვნული გმირის დისკრედიტაცია იყო.

ასე იყო 1921 წელსაც, როცა შულავერის კომიტეტის წევრი, ქართველი ბოლშევიკი მამია ორახელაშვილი ნოე ჟორდანიას მთავრობას ადანაშაულებდა რუსეთთან ომის დაწყებაში. ასეა ახლაც, როცა საკუთარ ხელისუფლებას ადანაშაულებენ 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში, ისევე როგორც აფხაზეთის დროებით დაკარგვაშიც საკუთარი ქვეყნის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ.

საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებისას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლებიან. ამისთვის სამართლებრივი დასკვნაც მოამზადა წულუკიანის კომისიამ, რასაც რუსეთი აქტიურად ციტირებს.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში