ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება აწყობთ - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 წლის თავს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ეს ომი კონკრეტულ "ძალებს" აწყობთ. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში პაპუაშვილი რუსეთს, როგორც აგრესორს საერთოდ არ ახსენებს და პასუხისმგებლობას მძიმე მოვლენებზე ისევ "უცხო ძალებს" აკისრებს.
"ოცნების" ლიდერი მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ძალებს ამ ომში საქართველოს ჩაბმაც სურდათ, თუმცა "ოცნებამ" ამის თავიდან არიდება შეძლო.
დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში.
მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროს კი, ყველაზე მძიმე ფასს იხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა.
ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს.
საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც.
დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირებების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა.
სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, - წერს პაპუაშვილი.