პოლონეთის საგარეო საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს
პოლონეთის საგარეო უწყებამ საქართველოს შესახებ სენატორების შეკითხვებს უპასუხა. სენატორებს აინტერესებდათ, რა ნაბიჯებს დგამს პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის და აპირებენ თუ არა მზია ამაღლობელის გათავისუფლება ოფიციალურად მოითხოვონ.
უფრო კონკრეტულად, რადიო თავისუფლების მიერ პოლონეთის სენატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სენატორებმა, ადამ ბოდნარმა და გჟეგოჟ სხეტინამ (სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), საქართველოს შესახებ შეკითხვებით მიმართეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის.
საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესის სფეროში რჩება და უწყება მოქმედებს, როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით.
პოლონეთის საგარეო უწყებიდან მიღებულ წერილს ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ტეოფილ ბარტოშზევსკი, რომელიც აღნიშნავს, რომ საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესის სფეროში რჩება.
პოლონეთის სახელმწიფო მინისტრმა სენატორებისთვის მიწერილ პასუხში ყურადღება გაამახვილა შემდეგ ინიციატივებზე:
- გასული წლის დასაწყისში პოლონეთმა შეაჩერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული განვითარების პროექტები.
- საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ “ვაიმარის სამკუთხედისა” (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მიიღო არაერთი განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, აგრეთვე მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიის ჩათვლით.
- პოლონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სავიზო აკრძალვა დაუწესეს საქართველოს უსაფრთხოების ძალების შერჩეულ წარმომადგენლებს. დამატებით, პოლონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვა.