მე არ ვთვლი მათ ["იმედს" "პოსტივის"] ახალი ამბების არხად, მე მათ ვთვლი პროპაგანდისტულ ტელევიზიებად - ელჩი
ისინი [POSTV და Imedi] რეგულარულად ავრცელებენ ნარატივს, რაც ჩემი აზრით, არის ძალიან ახლოს რუსულ ნარატივთან - ასე ეხმიანება დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო არხების, TV იმედი-სა და პოსტ TV-ის დასანქცირებას გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.
ელჩი ამბობს, რომ ის POSTV-ისა და TV იმედს პროპაგანდისტულ ტელევიზიებად მიიჩნევს.
ამ ამბის შესახებ ახლა გავიგე, ეს ბრიტანეთის სანქციებია, მე გერმანიას წარმოვადგენ, ამიტომ მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, ამ ორივე არხს ჩვენი საელჩო მონიტორინგს უწევს, მეც პირადად ხანდახან ვუყურებ ხოლმე, მე არ ვთვლი მათ ახალი ამბების არხად, მე მათ ვთვლი პროპაგანდისტულ ტელევიზიებად. ისინი რეგულარულად ავრცელებენ ნარატივს, რაც ჩემი აზრით, არის ძალიან ახლოს რუსულ ნარატივთან.
ჩვენ აქ განვიხილეთ, რომ დეზინფორმაცია არის რუსული აგრესიის ერთ-ერთი გამოვლინება. ეს დეზინფორმაცია მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ, ევროპის კავშირის წინააღმდეგ, გერმანიის წინააღმდეგ. ყოველთვის მაკვირვებს ის სიხარული და ბედნიერება, რომელსაც ამ 2 ტელეარხის რეპორტიორები ასხივებენ, როდესაც ისინი ძალიან ცუდს საუბრობენ გერმანიაზე, ევროკავშირზე, დასავლეთზე.
თუ რამე არასწორი ხდება ჩვენს ქვეყნებში, ისინი ხარობენ, ზეიმობენ. როცა მათ ვხვდები მისვამენ ჩამჭრელ კითხვებს, რომ ცუდად გამომიყვანონ. როცა რეალურად მე აქ ვარ, როგორც გერმანიის ელჩი, როგორც საქართველოს მეგობარი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ეს ორი არხი კი სულ ცდილობს, ცუდად გამომიყვანოს,ისევე როგორც ჩემი ქვეყანა გამოიყვანოს ცუდად. მე ვერ ვიტყვი ეს რას ნიშნავს,მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორი არხი არის პროპაგანდის საშუალება"- აცხადებს ფიშერი.
დიპლომატის თქმით, პროპაგანდისტული არხების დასანქცირება "ქართული ოცნებისთვის" სიგნალი უნდა იყოს:
შესაძლოა, ეს მთავრობისთვის იყოს სიგნალი, რომ უნდა დაფიქრდნენ, რომელ გუნდს ირჩევენ.
საქართველო სუვერენული ქვეყანაა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ სიგნალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით, სად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნების ამ ძირის გამომთხრელ საქმიანობას და სად - არა. სად ხდება სანქციების გვერდის ავლა და სად - არა.
და რა თქმა უნდა, „იმედი“ ყველაზე დიდი ტელევიზიაა საქართველოში, ის ქმნის აზრს საქართველოში. ხალხი მეუბნება, რომ მათ სოფლებში ყველა იმედს უყურებს. ასე რომ, ეს არის სიგნალი, რომელზეც უნდა იფიქროთ, თუ ისეთი კარგი, მეგობრული დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, რომელიც არ იშლება, როგორც ამას იმედი ამტკიცებს, დაფიქრდით, რას უყურებთ?