იურისტი განმარტავს, რას გულისხმობს ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და POSTV მიმართ დაწესებული სანქციები
ბრიტანული სანქციები „პოს ტვ“-სა და „იმედის“ - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, თუ რას მოიცავს პაკეტი.
როგორც ბურჯანაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ტელევიზიებს ანგარიშები და აღარ მოემსახურონ, ასევე, ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემა და ქონების ამ გზით მართვა გამოირიცხება, ამასთან, აიკრძალება ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვა კომპანიის მართვაში.
„დიდმა ბრიტანეთმა Imedi TV და PosTV დაასანქცირა რუსული სასანქციო რეჟიმით შემდეგი მიზეზების გამო: 1) განზრახ ავრცელებს და წარსულში ავრცელებდნენ ქართული აუდიტორიისთვის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. აღნიშნული შეფასებულია, როგორც უკრაინის დესტაბილიზაციის გამომწვევი და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი; 2) რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინული მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არიან არალეგიტიმურები და რომ უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, რომ უკრაინა არის კორუფციული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი მიზნად ისახავენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია: 1) Asset Freeze - ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ; 2) Trust Services Sanctions - გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას. 3) Director disqualification - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში. ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე" ,- წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს.
პროსახელისუფლებო მედიების მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.