ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს ესმის, რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე რეკლამის მიტანა - ხატია დეკანოიძე
ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს ესმის, რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა, - ასე ეხმიანება ხატია დეკანოიძე დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო არხების, TV იმედი-სა და პოსტ TV-ის დასანქცირებას.
მისი თქმით, "ახლა უკვე გასაგები გახდა, რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ „იმედი“
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.
„ახლა უკვე გასაგები გახდა თუ რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ “იმედი”. ვფიქრობ, რომ ქართულ ბიზნესს ესმის თუ რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა. განსაკუთრებით ეს ბანკებს ეხება და მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნიათ. შესაძლოა მათ რეპუტაციულადაც და ფინანსურად დიდი ზიანი მიადგეთ. ასევე, „იმედისა“ და „POSTV“-ის სანქცირება ნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. მათ გაუჭირდებათ მოგზაურობა. ასევე, გაუჭირდებათ სხვადასხვა გასართობი გადაცემების, სერიალების ყიდვა. ეს კი იმის შედეგია, რომ ეს ადამიანები რუსულ შხამსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საქართველოში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც შეაფასა, სადაც ყულევის პორტის დასანქცირების საკითხიც განიხილებოდა.
მისი თქმით, მძიმე საყურებელია, რომ „[ბიძინა ივანიშვილი] საქართველოსთვის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას საფრთხის წინაშე აყენებს, საკუთარი ფინანსური და საკუთარი პარტიის - „ქართული ოცნების“ სარგებლისთვის“.