ყაველაშვილი "იმედისა" და PosTV-ის დასანქცირებაზე: "რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული"

24.02.26 22:57
ყაველაშვილი "იმედისა" და PosTV-ის დასანქცირებაზე: "რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული"

ღიმილისმომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს , - ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა" და „POSTV"-ის დასანქცირებას გადაცემაში „აქტუალური თემა"

ყაველაშვილის მტკიცებით, ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება.

"არ მეგულება მოქალაქე, ამას სერიოზულად შეხედოს, თუმცა რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული"- თქვა ყაველაშვილმა. 

ხომ გვახსოვს, მანამდე დაასანქცირეს შსს-ს, სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირები, ხელისუფლების წევრები, აღარ ვსაუბრობ, რომ ბიძინა ივანიშვილია დასანქცირებული. ამ ყველაფერმა ფასი დაკარგა. ჩვენთვის მთავარია, ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, რატომ ხდება ეს, რას ემსახურება ეს სანქციები და ვის მიერ არის განხორციელებული. ერთია, რომ ბრიტანეთის მთავრობა მას ახმოვანებს, მაგრამ ვიცით ის ჯგუფი, რომელიც ამ პროცესებში საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს, სხვადასხვა სახელით მოვიხსენიებთ, „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიასაც“ ხშირად არქმევენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. ეს ძალები მოქმედებენ, ის ნაკადია, რომელიც დაიწყო ჩვენ მიმართ, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მას შემდეგ ეს ძალები სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი სიმტკიცე, პრინციპულობა. პირდაპირი მოწოდება იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით აქტიური უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გამოგვეჩინა მეტი ინიციატივა, მეტი აგრესია ჩრდილოელ მეზობელთან, სანქციებს შევერთებოდით და ვიცით, ამას რა მოჰყვება. ვიცით, როგორია ამ ომის შედეგები, ეს რომ არ განახორციელა ჩვენმა სახელმწიფომ, ეს პროცესი არ გაჩერებულა, კვლავ გრძელდება, ესეც სწორედ ამის მანიშნებელია. ეს ერთი სცენარის ნაწილია. კი უნდოდათ, დიდი რეზონანსი ჰქონოდა ამ საკითხს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან მშვიდად შეხვდა ამ პროცესებს. ეს გამოწვევებია ჩვენთვის, უნდა გავუძლოთ, რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული. ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მართლა სასაცილოა მიზეზები. დღეს უკვე აღარავინ მალავს, ამ ომთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს ომი არ დაიწყებოდა. შემდეგ თავად უკრაინის ერთ-ერთმა მაღალმა ხელისუფალმა, არახამიამ პირდაპირ დაასახელა, რომ ბორის ჯონსომა შეაჩერა სამშვიდობო პროცესი. როგორ შეიძლება, „პოსტივის“ და „იმედს“ დააბრალო, თითქოს მათი ინიციატივით ხდება ამგვარი ინფორმაციის გაჟღერება? ხომ ყველანი ვხედავთ, დღევანდელ რეალობაში რამდენი რამ ითქმება და ვის მიერ. ვერ ბედავენ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირების ამდაგვარი ქმედებების  დაგმობას და ნახეს სუსტი წერტილი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება „იმედისა" და „POSTV"-ის დასანქცირება, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, მაგრამ აუცილებელია ამაზე პასუხის გაცემა.