დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

25.02.26 10:15
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. დოკუმენტს წარადგენს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე.

პროექტის მიხედვით, ანგარიში მიუთითებს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“ და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

„ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის 2025 წლის ანგარიშს ითვალისწინებს. ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ თავის სისტემატურ კამპანიას აგრძელებს, მანიპულაციური ნარატივებით, დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებით“, – ნათქვამია პროექტში.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით“.

დოკუმენტში ასევე წერია:

„პოლიტიკური ოპონენტები დაკავებული არიან ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის წინაშე იმყოფებიან. ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა, ათობით აქტივისტი კი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს“.

ანგარიში მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და მიესალმება ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებასა და ქართული დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას.