არასერიოზული, სამარცხვინო - ირაკლი კობახიძე სანქციების ახალ პაკეტზე პირველ კომენტარს აკეთებს
არასერიოზული, სამარცხვინო - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების "იმედის" და "პოსტ ტვ"-ის დასანქცირებას. მისი თქმით, ეს ნაბიჯი „ევროპული ბიუროკრატიის ტრაგიკული მდგომარეობის“ გამოხატულებაა და მედიის თავისუფლებას აზიანებს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად ადამიანის უფლებების დაცვის მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს „არც მედიის თავისუფლება და არც სხვა ძირითადი უფლებები ფასობს“.
ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. უბრალოდ, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, თავის დროზე, მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად მიიჩნეოდა, სწორედ აქ იწყება ადამიანის უფლებების ისტორია, ინგლისში ისტორიულად და დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც სხვა ადამიანის ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგოარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, არასერიოზულია, სამარცხვინოა, ეს არის მოკლე კომენტარი, - ამბობს კობახიძე.
"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ ბრიტანულ სანქციებს ეფექტი ვერ ექნება. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტების უფლებები იყოს სრულად დაცული.
მე მახსოვს, 2007 წელსაც, ძალიან ბევრ ადამიანს, ნაცებს უხაროდათ, როდესაც შეილახა მაშინაც "იმედისთვის" მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. მაშინაც იყო უამრავი აჟიტირებული ადამიანი. დღეს იგივე ადამიანები არიან აჟიტირებული. თუმცა, თუ მაშინ ეფექტური იყო "იმედის" უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს "იმედისთვის" მედიის თავისუფლების ძრითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც "იმედში", ასევე ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ში. ამაზე ვიღებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, - აბობს კობახიძე.
"პირველების" კითხვაზე, აპირებს თუ არა "ოცნება" ამ სანქციების აღსრულებას ხელი შეუშალოს, კობახიძე ასე პასუხობს:
ფუჭად გაისროლეს ტყვია, - ამბობს კობახიძე.