კობახიძე დასანქცირებულ "იმედს" "დაცვის" გარანტიებს აძლევს, თუმცა არ პასუხობს კითხვას, როგორ აპირებს სანქციების აღსრულებას
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა "ფუჭად გაისროლა ტყვია", როდესაც ტელეკომპანიები "იმედი" და "პოტს ტვ"-ი დაასანქცირა.
"ოცნებს" პრემიერი აღნიშნულ ტელეკომპანიებს "დაცვის გარანტიებს" აძლევს, თუმცა არ პასუხობს "პირველების" არაერთ კითხვას, როგორ აპირებს სანქციების აღასრულებას.
„მახსოვს 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს უხაროდა, როდესაც იმედის მედიის თავისუფლებს ძირითადი უფლება შეილახა. თუ მაშინ იმედის დასანქცირება ეფექტური იყო, ამ შემთხვევაში ეს ფუჭი მცდელობაა, რომ შეიზღუდოს იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება შეიზღუდოს. ფურცელზე ეს არის რა თქმა უნდა მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ეფექტი ვერ ექნება. ამ ქვეყანაში სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობაა პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლების უფლებების დაცვაზე.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახინებთ ამ ძირითად უფლებას. ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია „იმედში“ ისე „პოსტვ“-ში - ამაზე ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ მედიის თავისუფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს“, - აცხადებს კობახიძე.
კითხვაზე, დაცული იქნება თუ არა იმ ბანკების, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების უფლებები, რომლებიც ტელეკომპანიებთან ითანამშრომლებენ, კობახიძე ამბობს:
ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული, სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი თავის ძირითად უფლებებში საქართველოში იქნება დაცული, ყველა ზომა იქნება მიღებული" - აღნიშნა მან.
კობახიძის განცხადების შემდეგ, "პირველები" დაინტერესდა, აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" მიიღოს ახალი რეგულაციები, რაზეც "ოცნების" ლიდერმა განაცხადა:
"შესაძლოა, თუნდაც, მაგრამ შეიძლება არც დაგვჭირდეს. ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ საქართველოში დაცული იყოს მედიის თავისუფლება".
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა.
„ეს არის ფუჭი აჟიოტაჟი. ყველა ქმედება განხორციელდება რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებები. ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ყველა ზომა არის ყველა ზომა. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ. ისევე როგორც 2007 წლის მერე, მართალია 5 წელი დასჭირდა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოოდ 5 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა „იმედისთვის“. ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, დაგვჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისთვის, რომ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის“, ისე „პოსტივისთვის“. ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა“,- განაცხადა კობახიძემ.