"ოცნებამ" სახე რუსეთისკენ იცვალა - ვილი სოვნდალი

25.02.26 13:08
"ოცნებამ" სახე რუსეთისკენ იცვალა - ვილი სოვნდალი

 

 

საქართველოში „ძირითადი დემოკრატიული ნორმების სისტემატური დარღვევა“ მიმდინარეობს და მმართველმა ძალამ ქვეყნის კურსი „რუსეთისკენ შეცვალა“. ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარმა ვილი სოვნდალმა ისაუბრა. 

მისი შეფასებით, მოსახლეობა დემოკრატიული უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა ევროკავშირისკენ გზის გაგრძელება მოქმედი მთავრობის პირობებში შეუძლებელია.

რასაც საქართველოში ვხედავთ, სისტემატური დარღვევაა ყველა ძირითადი დემოკრატიული კანონისა. „ქართულმა ოცნებამ“ სახე აღმოსავლეთისკენ, რუსეთისკენ იცვალა. ჩვენ ვხედავთ მამაც მოსახლეობას, რომელიც აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული უფლებებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ ამ მამაც, ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად პოლიციის ცემისა და ციხეში ჩასმისა, აგრძელებენ ბრძოლას. გზა ევროკავშირისკენ ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია გაგრძელდეს, - განაცხადა ევროდეპუტატმა. 

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილავენ საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“ და საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის წარმომადგენლების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიაზე“. დოკუმენტი მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს და მიესალმება ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებასა და დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.