"იმედის" ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იძებნება
ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" დაწესებული სანქციების შემდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იძებნება.
საჯაროდ გამოქვეყნებულ ხელშეკრულებებში, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" სახელით არის გაფორმებული ხელმისაწვდომია ტელევიზიის ანგარიშის ნომერი, თუმცა ვინც ამ ანგარიშზე მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით ცდილობს, თანხა ჩარიცხოს, ბანკის წერს, რომ ასეთი "ანგარიში აქტიური არ არის".
ფაქტის შესახებ, რომ "იმედის" ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იძებნება, თავდაპირველად, კორუფციის მკვლევარის, ბესო დონაძის ექსპერიმენტის შედეგად გახდა ცნობილი.
ექსპერტი TV პირველთან ამბობს, რომ მან "იმედის" მიერ ერთ-ერთი ბოლო, წალენჯიხის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით იხელმძღვანელა, სადაც სწორედ ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშია მითითებული.
დღეს შევამოწმე სახელმწიფო სტრუქტურებთან დადებული ხელშეკრულება. ავიღეთ ოთხი თებერვლის ხელშეკრულება - ეს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს წალენჯიხის მერიასთან ტელეკომპანია იმედს. საუბარია მომსახურების ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან ავიღე ანგარიშის ნომერი, რომელიც არის "საქართველოს ბანკის". გადავამოწმე ჩემი ბობილ.ბანკით, გადარიცხვის პროცედურა დავიწყე, ამ ანგარიშის მითითების შემდეგ, მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი, რომ "ანგარიში არ იძებნება" - ეს ნიშნავს იმას, რომ ანგარიშები აქვს დახურული - კონკრეტულად "საქართველოს ბანკში".
ეს არის სანქციების შედეგი, რასაც არ აღიარებს ტელეკომოანია "იმედი" და იძახის, რომ ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში, ყველაფერი კარგად, ფიზიკურად ვერ იქნება. შესაძლებელია, რომ "იმედის" თანამშრომლებს საბანკო ანგარიშები სხვადასხვა ბანკში ჰქონდეთ გახსნილი, მაგრამ საიდანაც თანხა უნდა გადაირიცხოს, "საქართველოს ბანკში" არსებული ანგარიში, სადაც "იმედი" ფულის მობილიზებას აკეთებს, სახელმწიფო-საჯარო უწყებებიდან, ის ანგარიში აღარ არსებობს. თანამშრომელს სადაც არ უნდა ჰქონდეს ანგარიში, ფულის ჩამრიცხავი ანგარიში აღარ არის"- განმარტა ექსპერტმა.
დაიხურა თუ არა ტელეკომპანია იმედის და Postv-ის ანგარიშები, ამ კითხვებით "ტვ პირველმა" "საქართველოს ბანკს", "თიბისი ბანკს" და "ლიბერთი ბანკს" მიმართა, პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
გაერთიანებულმა სამეფომ TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" დაასანქცირა.