გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა [რა ხდებოდა სასამართლოში]
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია ძალაში დატოვა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ გახარიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ.
საპირისპიროს ამტკიცებს, ბრალდების მხარე. მისი თქმით, რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც, გახარიას მიმართ შეფარდებული მკაცრი ღონისძიება შეიცვლებოდა, არ გამოვლენილა.
დღეს სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაზარალებული ომარ სეხნიაშვილი დაიკითხა. მისი თქმით, "პოლიციის მიერ მოწყობილი დერეფნიდან ერთ-ერთმა ადამიანმა იარაღი დაუმიზნა, რომელსაც ფორმა ეცვა და ნიღაბი".
ადვოკატ ბერდია სიჭინავას კითხვაზე, აქციის მონაწილეების ან პოლიტიკოსების მხრიდან ესმოდა თუ არა მოწოდება, შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მოწმემ უპასუხა, რომ ამ მოწოდების შესახებ მას არ გაუგია.
მორიგ კითხვაზე, ის ფაქტი, რომ დადგენილი არაა ის პირი, ვინც უშუალოდ მის მიმართ განახორციელა გასროლა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ სამართალი მაინც აღსდგა, მოწმემ უპასუხა, რომ "არა".
რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გაავრცელა პარტია „გახარია საქართველოსთვისმაც“.
მათი განცხადებით, "20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია".
„დღეს, სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე არსებითი განხილვისას, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ 20 ივნისს დაზარალებულს, პროკურატურის ერთ-ერთ მოწმეს კითხვით მიმართა, ეთანხმება თუ არა მოწმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს რომ გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ ეთანხმება,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.