რომეო მიქაუტაძის საქმე - რა თქვა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმამ

25.02.26 17:43
რომეო მიქაუტაძის საქმე - რა თქვა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმამ

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რომეო მიქაუტაძის საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ ექს მაღალჩინოსნის ძმა, გიორგი მიქაუტაძე გამოიკითხა. მან ჩვენებაში „ნახიდურ-ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ პროცედურებზე ისაუბრა.

მოწმის განმარტებით, მემორანდუმის გაფორმების ეტაპზე განსაზღვრულია ტერიტორია, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს შესაბამისი უწყებებისთვის წინასწარ ცნობილია. მისი თქმით, მიწების გადაცემა ეტაპობრივად, კანონით დადგენილი კრიტერიუმებისა და ნებართვის მრავალსაფეხურიანი პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს.

„როდესაც მემორანდუმი დგება, იქ მითითებულია კონკრეტული არეალი… მიწებზე შენ პრობლემა არ შეგექმნება არასდროს,“ — განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე შეფასებით, რომეო მიქაუტაძე მიწების გადაცემის პროცესში ვერ იქნებოდა ჩართული:

„ვერ იქნებოდა ჩართული, თუ არ დააკმაყოფილე კრიტერიუმები. სამი დონე უნდა გაიარო.“

მოწმის თქმით, მიწების ნაწილი პროექტისთვის უკვე მიღებულია და ეს პროცესი გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც რომეო მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა.

„კი, უამრავი მიწა მივიღეთ,“ — აღნიშნა მან.

მოწმის ჩვენებების პარალელურად, ბრალდების მხარე საქმეზე საკუთარ არგუმენტებს უსვამს ხაზს. პროკურორის თქმით, პროცესზე გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც რომეო მიქაუტაძის მხრიდან შესაძლო გავლენასა და ჩართულობაზე მიუთითებს.

პროცესზე მან ვერ უარყო ის გარემოება, რომ კონსულტაციებს გადიოდა რომეო მიქაუტაძესთან მაშინ, როდესაც რომეო მიქაუტაძე მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. მიქაუტაძე მათ ეხმარებოდა კონკრეტული ნებართვების აღება-დაჩქარებაში. ასევე დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები , რომლებმაც დაადასტურეს, რომ რომეო მიქაუტაძე ლობირებდა კონკრეტულ კომპანიებს. მაქსიმალურად სწრაფად ხდებოდა ამ კომპანიებისთვის სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ნებართვებია ღება, აუქციონის სწრაფად გამოცხადება და გარდა ამისა, მონაწილეობდა პირდაპირ როგორც ბიზნესმენი ამ კომპანიების საქმიანობაში, - თქვა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ პროცესის დასრულების შემდეგ. 

ბრალდების პოზიციას დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატი აცხადებს, რომ საუბარი კონსულტაციებზე არასდროს უარყვიათ და ამას თანამდებობრივი მოვალეობით ხსნის, ხოლო პრივილეგირებული პირობებისა და უკანონო დახმარების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

ჩვენ არასდროს უარგვყვია ეგ თემა, რომ კონსულტაციებს გადიოდა. ეს არის ენერგეტიკიდ დარგის კურატორის პირდაპირი მოვალეობა. რაც შეეხება პრივილეგირებულ მდგომარეობას, ეს არის ტყუილი. განხორციელება დაიწყო 2019 წელს, ახლა არის 2026 წელი და პროექტი ჯერ კიდევ არის მშენებლობის სტადიაზე იმის გამო, რომ ვერ ხებოდა დროულად მიღება იმ დოკუმენტაციის, რაც საჭირო იყო. პროკურატურა უთითებს იმაზე, რომ რომეო მიქაუტაძე ეხმარებოდა თითქოს მიწების მიღებაში ამ კომპანიას, თუმცა დღემდე იღებს ეს კომპანია მიწებს, არა იმიტომ, რომ ვინმე ეხმარება, არამედ იმიტომ, რომ ეს ვალდებულება აქვს აღებული სახელმწიფოს ინვესტორის წინაშე. შესაბამისად, დღეს თუ არაა ეს დანაშაული, ვერც მაშინ იქნებოდა დანაშაული, როდესაც რომეო მიქაუტაძე იყო თანამდებობაზე, - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე. 

ბექა ნემსიწვერიძე

ცნობისთვის, პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ყოფილი მაღალჩინოსანი სამართალდამცველებმა გასული წლის 20 ივნისს დააკავეს.