რას გეგმავს "ოცნება" სანქცირებული პროპაგანდისტული არხების გადასარჩენად
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული არხების გადასარჩენად "ქართული ოცნება" კომპანიებს და ბანკებს სანქცირებისთვის წირავს. ირაკლი კობახიძემ დავალება ფაქტობრივად პირდაპირი ეთერით გასცა. თქვა, რომ ტელეკომპანია "იმედთან" და PosTV-სთან თანამშრომლობა არავინ უნდა შეწყვიტოს. არხები უნდა გადარჩნენ და ამისთვის "ოცნება" ყველა ზომას მიმართავს.
სანქციებისგან თავის არიდების სპეცოპერაცია პირველი არ იქნება. თითქმის სამი წლის წინ ყოფილი გენერალური პროკურორის რუსეთთან თანამშრომლობის გამო დასანქცირებას "ოცნება" ზუსტად ასე შეხვდა. ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და სპეციალური ბრძანებით ბანკებს საერთაშორისო სანქციების აღსრულება აარიდა. ვკითხეთ იქნება თუ არა ანალოგიური პასუხი ახლაც.
ტელეკომპანია "იმედის" და PosTV-ს დასანქცირების საფუძველი სანქცირების დოკუმენტში მკაფიოდ წერია. დიდი ბრიტანეთი წერს, რომ ეს ორი ქართული არხი მიზანმიმართულად და სისტემურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას უკრაინაში ომის შესახებ, დასავლელ მოკავშირეებზე და ძირს უთხრიდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის მაგალითები კი ზედაპირზეა.
რუსული დეზინფორმაციული ნარატივის გასავრცელებლად დასაქნცირებული არხები თავის სოციალურ პლატფორმებს ისეთი ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ, რომელსაც ანალოგიურ პერიოდში აქვეყნებდა რუსული პროპაგანდისტული მედია. მონიტორინგი აჩვენებს, რომ "იმედზე" ქვეყნდებოდა ინფორმაცია, რომლის წყარო პროკრემლისტური არხები იყვნენ. ამ ინფორმაციის თითქმის სრული უმრავლესობა კი უკრაინის და ევროკავშირის შესახებ ნეგატიური განწყობების გაჩენას ემსახურებოდა.
"ოცნება" ამბობს, რომ ტელეკომპანიების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელების გამო მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია. ივანიშვილის პარტია, რომელიც მისგან თავისუფალ მედიას ყველა ფორმით ებრძვის, მათზე მოძალადეებს არ სჯის და მფარველობს, დღეს მედიის თავისუფლების დამცველის მანტიას ირგებს და ამ მოტივით ხსნის მოსალოდნელ გადაწყვეტილებებსაც. სამთავრობო მედიის დაცვის პარალელურად კრიტიკულ მედიას კიდევ ერთხელ დაემუქრა.