"პირველების" ინფორმაციით, სეს-ის მიერ დალუქული საცხობი ჩხოროწყუს მერის მოადგილის ოჯახს ეკუთვნის
"პირველების" ინფორმაციით, ჩხოროწყუში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული საცხობი, ჩხოროწყუს მერის პირველ მოადგილის, ლაშა ჟვანიას ცოლს, მაია მარკოზიას ეკუთვნის.
გობეჩიას ქ. N 4 ნომერში მდებარე კვების ობიექტს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა გუშინ შეუჩერა.
სეს-ის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ მარკოზია საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.
სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.
ამავდროულად, მეწარმე ბიზნეს საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა"- წერს სეს-ი.
"პირველები" ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა, თუმცა მან არალეგალური კვების ობიექტისთვის საქმიანობის შეჩერებაზე კომენტარი არ გააკეთა.