"რაც ხდება ყულევში, ძალიან სახიფათო თამაშია" - გიორგი ხიშტოვანი

26.02.26 11:46
"რაც ხდება ყულევში, ძალიან სახიფათო თამაშია" - გიორგი ხიშტოვანი

"ქართული ოცნება" ეხმარება რუსეთის ფედერაციას" - ამის შესახებ ეკონომისტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ერთია, როდესაც მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებ და მეორეა, როდესაც რუსეთს ეხმარები - "[რუსული] ნავთობის გაყიდვა არის რუსული ომის მანქანის ძრავი". 

გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ის, რაც ყულევში ხდება ძალიან სახიფათო თამაშია და ძალიან მაღალი რისკია, რომ საქართველოს სახელმწიფო და მისი ეკონომიკა "სერიოზულ შარში აღმოჩნდეს".

ერთი მიდგომა არის, როდესაც შენ ისე, რომ არ ავნო საკუთარ თავს ინარჩუნებს სტატუსკვოს, ანუ გაქვს ნეიტრალური პოზიცია, რადგანც შენ ცდილობ, რომ სანქცირებით არ ავნო შენ ეკონომიკას, შენ მოსახლეობას, მეორე არის, როდესაც შენ რუსეთს ეხმარები, რომ მან სხვა ქვეყნის სანქციების პირობებში იპოვოს გამოსავალი, თავი აარიდოს სხვა ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს. 

"ქართული ოცნება" ეხმარება რუსეთის ფედერაციას, რომ მინიმიზება გაუკეთოს იმ პრობლემებს, რასაც უქმნის ევროპა, დიდი ბრიტანეთი, აშშ რუსეთს სანქციების დაწესებით. 

ყულევის პორტის გავლით რუსული ნედლი ნავთობის მიღება და მერე გადამუშავება არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესში და თუ ის ამას აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვპოზიციონირდებით როგორც ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსულ აგრესიას უკრაინაში. ნავთობის გაყიდვა არის რუსული ომის მანქანის ძრავი. ყულევის პორტის ისტორია არის ეს ისტორია, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება ფრთხილად იყავით, ნეიტრალური პოზიციისგან შორდებით და ხდებით უკვე მონაწილე მხარე და ის მხარე, რომელიც არის უკრაინის და ევროკავშირის წინააღმდეგ. აი ეს არის რაც ხდება ყულევში, ძალიან სახიფათო თამაშია და ძალიან მაღალი რისკია, რომ საქართველოს სახელმწიფო და მისი ეკონომიკა სერიოზულ შარში აღმოჩნდეს," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.