ბრიტანეთის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ "40 წუთის განმავლობაში ვერ მოისმინა არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით".
დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივია ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან, სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან POSTV-ის ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას მე არ მინახავს. ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი. მე მოვისმინე ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რაიმენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები. იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ. თუმცა რომ გითხრათ, რომ ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ. კონკრეტული მაგალითები მე ელჩისგან არ მომისმენია. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იმყოფებოდა. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.
გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო 24 თებერვალს დაასანქცირა.
სამთავრობიო მედიებს შემდეგი სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.