TI-UK: ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ დასაწყისია
ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ დირექტორი პოლიტიკის საკითხებში პირდაპირ ამბობს, რომ "საქართველო რეჟიმის ხელშემწყობი პირების მცირე ჯგუფის მიერ კლეპტოკრატიისკენ მიექანება".
დანკან ჰეიმსი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთმა უშუალოდ რეჟიმის ხელშემწყობები სწრაფად უნდა დაასანქციროს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მეტად ხვდება და სანქციები აღნიშნულ რეალობას უნდა ასახავდეს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სანქციები დაუწესოს ქართულ საინფორმაციო არხებს „იმედსა“ და „PostTV“-ის რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს გზავნილია იმისა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გავლენის ოპერაციები საქართველოს მიერ ძნელად მოპოვებული დემოკრატიის ჩამოშლაში პირდაპირ როლს თამაშობს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. საქართველო რეჟიმის ხელშემწყობი პირების მცირე ჯგუფის მიერ კლეპტოკრატიისკენ მიექანება, ამ პროცესში ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მეტად ხვდება და სანქციები აღნიშნულ რეალობას უნდა ასახავდეს.
დიდმა ბრიტანეთმა რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს: მათი აქტივები გაყინოს, დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე მათი წვდომა შეზღუდოს და უზრუნველყოს, რომ ისინი ლონდონს თავშესაფრად ვერ გამოიყენებენ, როდესაც საბოლოოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აცხადებს დანკან ჰეიმსი.