"იმედის ბანკის" დაფუძნება ეროვნული ბანკის თანხმობით, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობას ნიშნავს - რომან გოცირიძე

27.02.26 13:44
"იმედის ბანკის" დაფუძნება ეროვნული ბანკის თანხმობით, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობას ნიშნავს - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „იმედისთვის“ მიკრობანკის დაფუძნება ეროვნული ბანკის თანხმობით სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობას ნიშნავს და ქვეყნის ფინანსურ სისტემას სერიოზულ რისკებს შეუქმნის.

მისი თქმით, მსგავსმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, გამოიწვიოს რეზერვების გაყინვა, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან გათიშვა და საბანკო სისტემის დესტაბილიზაცია.

"იმედისთვის" მიკრობანკის დაფუძნება ეროვნული ბანკის თანხმობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ეს უკვე ქვეყნისთვის წარმოუდგენელი რისკის შემცველი იქნება. გაგვიყინავენ რეზერვებს, როგორც რუსებს, გაგვთიშავენ სვიფტიდან, ჩამოიშლება საბანკო სისტემა, მილიონობით ადამიანი დაკარგავს ანაბარს, მათ შორის ჩვენი ემიგრანტები. ეს არის ახლა "ფაფხური", ცხელ გულზე რაღაც განცხადებების გაკეთება და ძალიან კარგად იცის იგივე რუხაძემ და იგივე ივანიშვილმა თუ რა დაემართება მათ ბანკებს და მათ ფინანსებს ასეთი სულელური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. არავინ არავის საფლავში არ ჩაყვება. "იმედი" არის მომაკვდავი კომპანია, რაც გინდათ, ის დააწერეთ. შეგიძლიათ, დააწერო რუსულად: "აქ იყო "ნადეჟდა", - ამბობს რომან გოცირიძე.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.