ბრიტანული სანქციების ეფექტი - ივანიშვილი "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოჩნდა
ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდა. მისი გააქტიურება დიდ ბრიტანეთის მიერ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის დასანქცირებას უკავშირდება - გადაწყვეტილება, რომელმაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეაგირება მოითხოვა.
სანქციების გამოცხადებიდან ორ დღეში ივანიშვილმა პარტიის ლიდერები საგანგებო ფორმატში შეკრიბა. გავრცელებულ კადრებში ძირითადად თავად საუბრობს, ხოლო სხვა ლიდერები თანხმობის პოზიციას იკავებენ. შეხვედრა სრულად სანქციების თემას მიეძღვნა.
ივანიშვილის გუნდის მთავარი გზავნილი ერთია: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ისინი პროტესტის რადიკალური ფორმებით არ უპასუხებენ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც ელჩის გამოწვევა, არც გაძევება და არც სხვა დიპლომატიური ნაბიჯები არ განიხილება. ამავდროულად, შიდა აუდიტორიისთვის "ოცნება" კვლავ საუბრობს „დიფ სთეითის“ გავლენაზე და სანქციებს გარე ძალების მოქმედებებს უკავშირებს.
რისთვის შეიკრიბა პოლიტსაბჭო ივანიშვილის ხელმძღვანელობით? სავარაუდოდ, ეს იყო გზავნილი სანქცირებული მედიასაშუალებების მისამართით, რომ ივანიშვილის გუნდი მათ მხარდაჭერას განაგრძობს, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა.
ვრცლად ნახეთ უსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.