რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ხალხის ინტერესები ელიტური კორპუსების უკან - ჟურნალისტური გამოძიება
ძველ თბილისში, ისტორიულ ხარფუხთან ახლოს, ოთხი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება. პროკურატურის პირდპაირ, 16 ათას 445 კვადრატულ მეტრ მიწაზე 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომპლექსს სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ააშენებს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში, ჩრდილო-ევროპული გაზსადენების კომპანიის ხელმძღვანელია, ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის "გაზპრომის" პარტნიორია.
მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული "გაზპრომის" პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში, 4 კომპანიის მფლობელია, რუსეთი ბიზნეს წრეებში მას "გაზპრომის" მსხვილ ბიზნეს პარტნიორად იცნობენ. ანჩაბაძე რუსეთში, ჩრდილო-ევროპული გაზსადენების ლოჯისტიკის კომპანიას ფლობდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტს, "გაზპრომს" ემსახურებოდა. ეს კომპანია ანჩაბაძემ რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ 2023 წლის 14 ივლისს გააუქმა. რუსეთში ახლა ოთხი სხვა კომპანიის მფლობელია.
პეტერბურგელი ბიზნესმენი, რომელიც ქართულ სამშენებლო ბაზარს იპყრობს, რუსეთში ახლა სპეც გაზ ენერგო მაშის მფლობელია.
რუსეთის ერთიან რეესტრში ვკითხულობთ, რომ ეს კომპანია რადიოაქტიური ნივთიერებების და მათი ნარჩენების საცავებს აშენებს.
პეტერბურგელი ბიზნესმენი, რომელმაც მილიონები რუსეთის ხელისუფლებასთან მრავალწლიანი თანამშრომლობით დააგროვა, საქართველოში დეველოპერული ბიზნესით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაინტერესდა.
თემურ ანჩაბაძე OpenSanctions-ის ბაზაშია შეყვანილი, როგორც სანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებული ბიზნესმენი.
ისტორიულ უბანში ცათამბჯენები არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიების პარტნიორ ბიზნესმენს უკავშირდება.