პენიტენციური: ღარიბაშვილის საკანში გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა

28.02.26 21:10
პენიტენციური: ღარიბაშვილის საკანში გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა. 

მათი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.

უწყება სიცრუეს უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული ექს-პრემიერი პენიტენციური დაწესებულებიდან შვილის დაბადების დღეზე გაიყვანეს.

„ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.

აღნიშნული ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მორიგი სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“- ნათქვამია განცხადებაში.