დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - "ოცნებაში" პირველი განცხადებები გაკეთდა
რეგიონში მძიმე დაძაბულობის ფონზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მკაფიო კომენტარის გაკეთება უჭირთ. წინა კვირეებისგან განსხვავებით, ისინი ღიად ირანის მხარდამჭერ განცხადებებს ვეღარ აკეთებენ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობით და არ მიიჩნევს მისაღებად საომარი ესკალაციის გაღრმავებას.
ჩვენ დიანტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, იმიტომ, რომ რაიმე ტიპის ხანგრძლივი საომარი ესკალაცია არ შეიძლება, მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენ, რადიკალებისგან განსხვავებით, ვართ ხხელისუფლება. ყველა ჩვენს სიტყვას, ყველა ჩვენს კომენტარს აქვს მნიშნელობა, რომელიც შეიძლება, აისახოს საქართველოს დღევანდელ დღეზეც და მომავალზეც.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ირანული მხარე და ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისვის და თვითონაც თანახმაა ამის თაობაზე. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება რეგიონში და ისინი გამონახავენ დიპლომატიურ გზებს დასალაპარაკებლად, - ამბობს შარმანაშვილი.
ამავე თემაზე განცხადება გააკეთა დავით მათიკაშვილმაც, რომელმაც ირანის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის საკითხს გამოეხმაურა.
ირანის ეროვნული დღესასწაულის დღეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოხდა განათება ირანის დროშის ფერებით. ეს არ არის რომელიმე რეჟიმის მხარდაჭერა, ეს არის კონკრეტული მეზობელი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან მიძღვნილი აქტი, რაც არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა მთელ მსოფლიოში, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ირანში ვითარება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღაც დაადასტურეს, აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმართულია ირანის სარაკეტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ირანში აცხადებენ, რომ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.
ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი მმართველობა ამოქმედდა, ხოლო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ქმედებები დააანონსა.
რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად დაძაბულია.