"მოვითხოვთ, შეწყდეს რეფორმა და აღუდგეთ უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია” - პროტესტი თსუ-ს ეზოში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. თსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და "განათლების რეფორმის" შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
“დღეს, 2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაშიმიმდინარე ცვლილებებით.
უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავისმხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
ჩვენთვის, აკადემიური საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა პრინციპებზე დაფუძნდება ახალი დაფინანსების მოდელი. თუ აქამდე თითოეულ სტუდენტზე წლიური დაფინანსება 2250 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორების ანაზღაურება სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდებოდა, დღეს, საგრანტო სისტემის გაუქმების პირობებში გაურკვეველია, რა ოდენობის დაფინანსება განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე. აქედან გამომდინარე, თსუს 2026 წლის საბოლოო დაზუსტებული ბიუჯეტი აკადემიური პერსონალისთვის უცნობია.
საქართველოს მთავრობის ამა წლის 26 თებერვლის დადგენილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუუქმდა ისტორიულად არსებული ტრადიციული მიმართულებები, ხოლო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპეციალობებზე დრამატულად შემცირდა მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა.
სტუდენტთა მისაღები კვოტების განსაზღვრა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური თვითმმართველობის კომპეტენციას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას. საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 21-ე მუხლისა და 10¹ მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო,რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. იგივე პრინციპი აისახება თსუ-ის წესდების მე-8 მუხლის „ბ“ ნაწილშიც. შესაბამისად, პროგრამებზე მისაღები კვოტების ცენტრალიზებული განსაზღვრა მთავრობის ან სამინისტროს დონეზე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის პრინციპს და ქმნის სამართლებრივად პრობლემურ პრაქტიკას.ამგვარად, კვოტების დადგენა და სრული დაფინანსება არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების „მართვისთვის“ რბილი ძალის გამოყენება, რომლითაც სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით არის განარტირებული.
განათლების სფეროს წარმნომადგენლები მოვითხოვთ, შეწყდეს რეფორმა და აღუდგეთ უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია” - აღნიშბულია განცხადებები.