"ოცნებამ" სამდღიანი დუმილი ირანის რეჟიმისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაარღვია
"ქართული ოცნება" აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციით დამწუხრებულია. ეს მწუხარება დღეს ნინო წილოსანის წამოცდენაში ყველაზე კარგად იკითხებოდა. მას მოჰყვა "ქართული ოცნების" მთავრობის განცხადება, რომელმაც წერილის დასაწყისში ირანს აიათოლა ხამენეის და ისლამური სახელმწიფოს სხვა ლიდერების მკვლელობის გამო მიუსამძიმრა.
3-დღიანი დუმილი ირაკლი კობახიძის მთავრობამ ამ სამძიმრის წერილით დაარღვია. ეს სამი დღე რას აკეთებდნენ არ ვიცით. საზოგადოებისთვის არც ისაა ცნობილი შეიკრიბა თუ არა მთავრობა და იმსჯელეს თუ არა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ჩვენს ქვეყანას შეუქმნას. ასე მოიქცა სომხეთში ნიკოლ ფაშინიანი და აფეთქებების დაწყებისთანავე ერევანში უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ჯერ ისევ უცნობია რას აპირებს "ქართული ოცნება" - შემოიფარგლება მხოლოდ სამძიმრის წერილით, თუ პანაშვიდებზე ამჯერადაც სამთავრობო ბორტს აფრენენ თეირანის მიმართულებით -- ოფიციალური თბილისის გეგმებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ - პასუხად უხერხული დუმილი მივიღეთ.
არადა "ოცნების" წევრებს კითხვებს მათივე სვლებიდან გამომდინარე ვუსვამთ. წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ კობახიძე სამძიმრებსა თუ ინაუგურაციებზე ირანს ხშირად სტუმრობს. აიათოლასა და ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ლიკვიდაციით დამწუხრებული "ქართული ოცნების" პოლიტიკურ არსენალში ტერორისტული დაჯგუფებების გვერდით დგომის კადრებიც მრავლადაა შემორჩენილი, დარბაზში სადაც სკანდირებდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს.