ვაჭრობა, ტურიზმი და კავშირები განათლების სისტემაში - როგორ უახლოვდება საქართველო "ოცნების" პირობებში ირანს
ვაჭრობა, ბიზნესი, განათლება - ყველგან ირანის ინტერესებია. ალირეზა არაფიც კი, რომელიც აითოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის დროებითი ხელმძღვანელია, საქართველოსთანაა დაკავშირებული. ქვეყანაში გვაქვს ალ-მუსტაფას სანქცირებული უნივერსიტეტის ფილიალი, განათლების სამინისტროს აკრედიტაცია არ აქვს, მაგრამ დაბრკოლება მაინც არ ექმნება, რომ ათობით სტუდენტს ასწავლოს და შემდეგ ირანშიც გაუშვას. სწორედ ამ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა აიათოლა არაფი ათი წლის განმავლობაში. ალ არაფის უნივერსიტეტი ამერიკამ ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის დაასანქცირა.
ირანული ბიზნესის ბუმი ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" პირობებში იწყება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 12 864 ირანული ბიზნესია რეგისტრირებული. ვაჭრობა, ტრანსპორტი, მრეწველობა, მშენებლობა - ამ კომპანიებს ყველა სექტორში შეხვდებით.
უზნაძის 111 ნომერში, მხოლოდ ამ იტალიურ ეზოში 700-მდე ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, არც გარე ფასადზე, არც ეზოში არანაირი ბიზნესის კვალი არ ჩანს. რას საქმიანობენ რეალურად ეს კომპანიები? რისკი, რომ საქართველო ირანულმა ბიზნესმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს, დიდია.
ფიქტიურ მისამართებზე ირანული კომპანიები ჩნდებიან 100 კაციან სოფლებშიც კი, საჩხერეში, კახეთში, ადიგენში. ამ თემაზე ვრცელი სტატია "რადიო თავისუფლებამ" დაწერა. ბიზნესინტერესების კვალდაკვალ გაიზარდა საგარეო ვაჭრობა და "ოცნების" მმართველობის პირობებში გასამმაგდა.
ირანის რეჟიმისთვის ძალაუფლება ნავთობზე გადის, ამიტომ ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა დასავლური სამყაროსთვის წითელი ხაზია. ამის მიუხედავად საქართველო ირანულ ნავთობის კასრებზე უარს არ ამბობს. 2022-2025 წლამდე საქართველოში ირანული ნავთობპროდუქტები 72 კომპანიამ შემოიტანა. მათ შორის ჩანან ისეთები, ვინც სანქციებისგან გადარჩენას ახალი კომპანიების საქართველოში გახსნით ცდილობს.