„ოცნების“ დელეგაცია ვაშინგტონში - ვინ არის კონგრესმენი, რომელმაც ივანიშვილის გუნდის წევრები შტატებში მიიწვია

03.03.26 13:57
„ოცნების“ დელეგაცია ვაშინგტონში - ვინ არის კონგრესმენი, რომელმაც ივანიშვილის გუნდის წევრები შტატებში მიიწვია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ამერიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას ინიციატივით დაიწყო.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში ლუნა ხშირად პრორუსული პოზიციების გამო კრიტიკის ობიექტი ხდება. მას აკრიტიკებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მწვავე განცხადებებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი პოზიტიური შეფასებების გამო. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც კონგრესმენი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად არის გადაღებული.

ლუნა რამდენიმე რეზოლუციის ინიციატორიცაა, რომელიც კონგრესში უკრაინის წინააღმდეგ წარადგინა. 

ვის შეხვდება ვაშინგტონში "ოცნების" დელეგაცია ჯერჯერობით უცნობია. პარტია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ ის, დელაგაციაში მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ნიკოლოზ სამხარაძე არიან. დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში სახელწოდებით "სუვერეულ ერთა ალიანსი", რომელიც ხვალ დაიწყება.

ვიზიტს უკვე მოჰყვა ოპოზიციის და ანალიტიკოსების შეფასებები. „თავისუფალი მოედნის“ წევრი ზურა ფარჯიანი აცხადებს, რომ ანა პაულინა ლუნა ამერიკულ პოლიტიკურ სივრცეში გავლენიან ფიგურად არ მიიჩნევა და მის ინიციატივას სერიოზულ პოლიტიკურ მიღწევად ვერ აფასებს.

მისი თქმით, ლუნა „გარიყულია სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღები წრეებიდან“ და რეალურად არ წარმოადგენს ძალას, რომლის მხარდაჭერაც „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი შეიძლება იყოს.

ანა პაულინა ლუნა ცნობილია საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა და კონგრესმენია და გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე კი იძახდა, რომ აი, ტრამპისტი ვარ, მაგრამ გარიყულია, პრინციპში, ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღები წრეებისგან და რეალურად არაფერს წარმოადგენს. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთან შეხვედრაც მოახერხა დიმიტრიევმა, როცა იყო ვაშინგტონში ჩასული, იმიტომ, რომ დანარჩენა ყველამ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. მართლა არ წარმოადგენს ანა პაულინა ლუნა იმდენად სერიოზულ ძალას, რომ ეს "ოცნებისთვის" რამე სასიხარულო იყოს, - ამბობს "თავისუფალი მოედნის" წევრი ზურა ფარჯიანი. 

ვიზიტს სკეპტიკურად აფასებს პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები უფრო პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს.

მისი განცხადებით, კონფერენციებში მონაწილეობა ან არაოფიციალური ფორმატის ღონისძიებები არ ნიშნავს ოფიციალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას და „ქართულ ოცნებას“ რეალური დიპლომატიური შედეგი არ მოაქვს. მაჭავარიანის შეფასებით, მსგავსი ვიზიტების მიზანი უფრო შიდა აუდიტორიისთვის იმის ჩვენებაა, რომ ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში არ იმყოფება.

ვფიქრობ, არის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხრიკი ისევ, რომ "ჩვენ ამერიკა გვესაუბრება". რეალურად, კონფერენცია იქნება ეს თუ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც არ არის ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, უბრალოდ, არაფერს იძლევა. უბრალოდ, უნდათ, დაანახონ თავის ამომრჩეველს, საკუთარ თავს, რომ ისინი არ არიან იზოლაციაში.ძალიან ცალსახად არის ჩამოყალიბებული აშშ-ს პოზიცია, რომელიც არის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოგზავნილი და ელოდებიან პასუხს.

რაც შეეხება ამ შეხვედრას, კონფერენციას, რომელიც წარმოაჩინა "ქართულმა ოცნებამ" დელეგაციის სახით, არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ძალიან კონკრეტულად, რომ სენატორი, კონგრესმენი იყოს ის ადამიანი, რომლებთანაც მათ, ლობისტური კომპანიებით, რომლებიც დაქირავებული აქვთ, მსგავს კონფერენციებზე დაპატიჟონ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ კონფერენციას, რომელზეც მიდის "ქართული ოცნება", დაესწრება თუ არა ალ პაჩინო ან დე ნირო. თუ შეიძლება, გვითხრან, - ამბობს პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი.