ვინ არ უერთდება ოპოზიციის ალიანსს?

03.03.26 15:27
ვინ არ უერთდება ოპოზიციის ალიანსს?

პარტია „ძლიერი საქართველო – ლელო“ უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლას არ განიხილავს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება „პრაგმატული გარემოებებიდან“ გამომდინარეობს და უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ხელისუფლების ოპონენტ ამომრჩეველს განსხვავებული სეგმენტები წარმოადგენს, რაც, მისი შეფასებით, განსხვავებულ პოლიტიკურ სტრატეგიას მოითხოვს. 

ჩვენ უახლოეს პერიოდში არ განვიხილავთ რაიმე ტიპის გაერთიანებაში შესვლას ძალიან პრაგმატული გარემოებებიდან გამომდინარე. კრძოდ, იქიდან, რომ ქართული საზოგადოება, ივანიშვილის წინააღმდეგ და წინააღმდეგობაში მყოფი საზოგადოება არის განსხვავებული, განსხვავებულ სეგმენტებს მოიცავს და შესაბამისად, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ ჩენი პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო" სხვა სეგმენტზე უფრო მეტად ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე სხვა პარტიებთან ერთად დგომით და იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ შემოგვთავაზა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც უფრო მეტად ჰომოგენური, უფრო მეტად ორგანულია, მათი სამიზნე სეგმენტიც უფრო მეტად ჰომოგენურია, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

ამავე პოზიციას იზიარებს გახარიას პარტიაც. "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე ოპოზიციური ალიანსის ფორმატს კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული პარტიები გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ ინიციატივამ, რამაც, შარაშიძის შეფასებით, საბოლოოდ „ქართული ოცნება“ გააძლიერა.

პირველ რიგში, ვთქვათ, ვინ არის ეს ხალხი და რამ გააერთიანა? ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა "ოცნება". ანუ ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში, გააკეთეს "ოცნების" საქმე. შესაბამისად, ჩვენ, თავი რომ დავანებოთ მათ ნაცურ წარსულს, რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის გამიზნული "ოცნების" ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ, - აბობს გიორგი შარაშიძე.