ნიკოლ ფაშნიანის განცხადებით, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საშვიდობო პროცესს და ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამის შესახებ მან "ოსნების" პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, დღეს გაიმართა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მაჩვენებელია.
„რადგან ეს უკვე მეთხუთმეტე სხდომაა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა ვითარდება. ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი მიზანია კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგების მიღწევა,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები და იმსჯელეს იმ მიმართულებებზე, სადაც თანამშრომლობის განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალია. მან ასევე სომხეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს და ქართველ ხალხს.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ასევე მადლობა ქართველ ერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ,“ — განაცხადა მან.
სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში უკვე იკვეთება ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი.
„დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები პროცესია,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება და კიდევ უფრო ძლიერდება.
„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის. ამავდროულად იზრდება საქართველოდან სომხეთში ჩასული ტურისტების რაოდენობაც,“ — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობა პოზიტიურად აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზეც, მათ შორის კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში, - სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფუძნეს მშვიდობა.
„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება “ტრიპის” პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში. ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი იყო და რჩება ძალიან აქტიური.
„იგივე შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო აქტიურად და ქმედითად არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმ შესაძლებლლობის გამოსაყენებლად, რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თბილ ურთიერთობებს. ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა იქნება მალე და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შედეგების ნახვას ჩვენი რეგიონული, ორმხრივი, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ამის მზაობას ორივე გამოვთქვამთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას ასეთი მეგობრული, ძმური მიღებისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.